გრიფინმა ლიბერთის ფინალური სერია გაუთანაბრა – მომდევნო 2 მატჩი თბილისში გაიმართება

გრიფინმა ლიბერთის ფინალური სერია გაუთანაბრა – მომდევნო 2 მატჩი თბილისში გაიმართება

“ა” ლიგის ფინალური სერია გათანაბრდა. გრიფინმა, რომელმაც სერიის პირველი შეხვედრა შინაურ კედლებში 32 ქულით წააგო, მეორე დღეს რეაბილიტირება შეძლო, სავსე და ხმაურიან კასპი არენაზე რაც გააჩნდა, ყველაფერი გაიღო და გამარჯვებას მიაღწია. გრიფინმა ლიბერთი 73:63 (სტატისტიკა) დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

სერიის პირველი მატჩის შემდეგ შესაძლოა, ბევრმა იფიქრა, რომ გამარჯვებულის ვინაობა გარკვეულია. ცხადია, ნებისმიერი გუნდი მეტოქეს 32 ქულით რომ ამარცხებს, წაგებულის ფანატიკური ქომაგი უნდა იყო, მისი საბოლოო მოგების რომ ბრმად გჯეროდეს. ამ მომენტისთვის , გუშინდელი იოლი გამარჯვების გამო მაინც ფავორიტად მაინც ლიბერთი რჩება, თუმცა ფაქტი ისაა, რომ სერიაში ანგარიში თანაბარია. გუშინ ლიბერთიმ 32 ქულით მოიგო, დღეს გრიფინმა 10-ით გაიმარჯვა, მაგრამ საერთო ანგარიშში ეს არ ისახება. ყველაფერი თავიდან იწყება და ამას იქით, რომელი გუნდიც 2 გამარჯვებას მოიპოვებს, ჩემპიონი და სუპერლიგის საგზურის მფლობელიც ის იქნება.

გუშინდელი და დღევანდელი მატჩები ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავდებოდა. რამხელა მნიშვნელობა აქვს განწყობას და თამაშის წასვლას. გუშინ ლიბერთის გამთამაშებელმა, კევონ ვოლსიმა 32 ქულა მიითვალა, დღევანდელ მატჩში კი საწყისი 9 სროლა გააცუდა. თამაში მძიმედ დაიწყო და ეს მისი მნიშვნელობისგან გამომდინარეობდა. დაცვაზე მეტი ყურადღება და შეცდომები შეტევაში. ეს დიდი მნიშვნელობის მატჩების დამახასიათებელი ნიშნებია და ასე იყო კასპი არენაზეც – პირველი პერიოდი კასპელებმა 14:13 მოიგეს, თითოეული ბურთის ჩაგდება დიდი ძალისხმევის შედეგი იყო ორივე გუნდისთვის.

საჯარიმოებით ადრიანად დაიტვირთნენ ორივე გუნდის მაღლები, რითაც მეტი გასაქანი უკანახაზელებს მიეცათ. ალექს მეთიუსი კასპელთა მთავარ იმედად დარჩა მას შემდეგ, რაც გრიფინს მეორე ლეგიონერი, კამანი დაუთი ტრავმის გამო გამოაკლდა. მას გუშინ თამაში არ წაუვიდა, დღეს კი მისი ძალისხმევით გრიფინი ლიდერობას კბილებით ინარჩუნებდა. ცხადია, მეთიუსი ვერას გახდებოდა, რომ არა თანაგუნდელები. ვახტანგ გოგბერაშვილმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისმა ჩაგდებულმა ბურთებმა ბოლო პერიოდში გრიფინს ლიდერობა შეანარჩუნებინა და საერთო საქმე გააადვილა. 

მატჩის გადამწყვეტ ეპიზოდში კასპელები არ გატყდნენ. მოდუდუნე დარბაზის გასახარად მეთიუსმა ბოლო წუთებზე ისეთი ბურთები ჩააგდო, ლიბერთის შანსი არ დაუტოვა. და მაინც, ლიბერთიმ საკუთარი შეცდომების გამო წააგო, რაც შეტევაში უფრო მეტი დაუშვა, ვიდრე დაცვაში.

მატჩის საუკეთესო ალექს მეთიუსმა საბოლოოდ 24 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 20 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა დანიელ რენსომს. ვახტანგ გოგბერაშვილმა მატჩი 15 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა. ლიბერთიში საუკეთესო შედეგი ჰქონდა რაჰიმ ჯონსონს, რომელმაც შეხვედრა 19 ქულით, 12 მოხსნითა და 4 დაფარებით დაასრულა. 

ფინალური სერია დედაქალაქში გადმოდის, სადაც, თბილისი არენაზე მატჩები 6 და 7 აპრილს გაიმართება.