სუპერლიგის მე-6 ტურის ბოლოსწინა მატჩი თბილისი არენაზე გაიმართა. ახალშექმნილმა კლუბმა “რაშმა” გურჯაანის “დელტას ” უმასპინძლა და მიუხედავად შედეგიანი დასაწყისისა, შეხვედრა ფაქტობრივად უბრძოლველად დათმო. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა რაშმა სუპერლიგა ხმაურიანი გამარჯვებით რომ დაიწყო, მას შემდეგ თამაში ვეღარ მოიგო. რაშმა სადებიუტო მატჩში სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონი “რუსთავი” დაამარცხა, თუმცა ძლიერი გუნდის იმიჯი მომდევნო მატჩებში ნაწვნევი წაგებებით შეუსუსტდა.
რაშმა დღეს სუპერლიგის ზედიზედ მე-4 მატჩი დათმო. გურჯაანის “დელტა” ამბიციური გუნდია და არათუ სუპერლიგის დებიუტანტთან, ნებისმიერ მეტოქესთან მოგებას გეგმავს. თუმცა თამაში ისე დაიწყო, გურჯაანელებს კარგს არაფერს უქადდა. რაშმა საწყისი ათწუთეული 21:11 მოიგო და გამარჯვებაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა. ორწუთიანი შესვენების შემდეგ ვითარება დიამეტრულად შეიცვალა. დელტას კალათბურთელებმა გაუვალი დაცვა დააყენეს, შეტევაში კი შორეულ არტილერიას – სამქულიანებს მიმართეს.
გურჯაანელებს საქმე ისე კარგად გამოსდიოდათ, ჩამორჩენა ხომ გააბათილეს, დიდ შესვენებამდე გალიდერდნენ კიდეც. პირველი ნახევარი დელტამ 30:18 მოიგო და 15-წუთიან შესვენებაზე 2-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 41:39. მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა. უფრო ზუსტად, რაშმა ვერ მოახერხა თამაშის დალაგება და დარჩენილი პერიოდები ისე დათმო, მთლიანობაში 25-წულიანი მარცხი განიცადა – 67:92 (სტატისტიკა).
გურჯაანის გუნდში საუკეთესო იყო ოთარ ფხაკაძე, რომელმაც 22 ქულა და 7 პასი მოაგროვა. ბექა ბექაურმა გურჯაანელებს 12 ქულა და 11 მოხსნა შესძინა. 18 ქულა ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზეა. რაშის შემადგენლობაში კი 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ ვახტანგ გაფრინდაშვილმა დაძლია – 18 ქულა.
სუპერლიგის მე-6 ტური დღეს, რუსთავში დასრულდება. ქვემო ქართლის გუნდი მოქმედ ჩემპიონ თსუ-ს უმასპინძლებს.