იგორ კოკოშკოვი: ზაზა ფაჩულია უკვე ნაკრებთანაა

მეოთხე დღეა, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთის დედაქალაქ სტამბოლშია და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. იგორ კოკოშკოვის გუნდს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ საპასუხისმგებლო მატჩებისთვის კარგად მოემზადოს და როგორც ჩვენების სერბი მწვრთნელი ამბობს, სამწვრთნელო პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. დღეს საღამოს ნაკრები სრულად შეივსო: კოკოშკოვის გუნდს უკვე შეუერთდა “ატლანტა ჰოუქსის” ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელიც პირადი თხოვნის საფუძველზე მწვრთნელმა დროებით გაათავისუფლა. ამ და სხვა ამბებზე ჩვენი ნაკრების მწვრთნელს დღეს ტელეფონით გავესაუბრეთ

იგორ კოკოშკოვი ნაკრების ვარჯიშზე მითითებებს იძლევა
– როგორ მიმდინარეობს სამწვრთნელო პროცესი?
– ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ნაკრების წევრები ნელ-ნელა სასურველ ფორმაში შედიან. ბიჭებს ვავარჯიშებთ როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურადაც და მინდა ვთქვა, რომ პროგრესი თვალში საცემია. დღეს საღამოს გუნდი სრულად შეიკრიბება და მერე უფრო ნაყოფიერი იქნება კომბინაციებსა და ტაქტიკაზე მუშაობა.
– დღეს ზაზა ფაჩულიას ელოდებოდით…
– ზაზა ეს-ესაა ჩამოვიდა. ის საღამოს ვარჯიშზე უკვე გუნდთან ერთად იქნება და სამწვრთნელო პროცესში ჩაებმება. დღეს საღამოს ჩამოდის ვლადიმერ ბოისაც, რომელიც ესპანეთში იყო ახალ კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად.  უკვე მეოთხე დღეა, ჩვენთან არ იმყოფება დავით უგრეხელიძე, უკრაინიდან დაგვეთხოვა და გვითხრა, 22 აგვისტომდე შემოგიერთდებოთო, მაგრამ ჯერ არ გამოჩენილა. როგორც თავად აღნიშნა, ახალ კლუბთან მოსალაპარაკებლად წავიდა.
– სავარჯიშო პირობები როგორია?
– ისეთია, რომ წუნს ვერავინ დასდებს. დარბაზი, საშხაპეები, სატრენაჟოროები – ყველაფერი უმაღლესი დონისაა და სასტუმროც, სადაც ვცხოვრობთ, საკმაოდ კომფორტულია. პირობებზე არცაა საუბარი, მთავარი ბიჭების მონდომებაა და მათ ეს არ აკლიათ. თავიდან ცოტა შეფიქრიანებულები იყვნენ, საქართველოში არეული სიტუაცია რომ დავტოვეთ, მაგრამ ყველამ მალე გაითავისა, რომ პროფესიონალები არიან და სამშობლოს თავისი წარმატებული თამაშითაც დიდად დაეხმარებიან. ამიტომაც ყველა მობილიზებულია და მაქსიმალურად კალათბურთზე არიან კონცენტრირებულნი. გუშინ ვარჯიში არ გვქონია, ბიჭებს დაღლილი კუნთების დასვენების საშუალება მივეცი.
– კმაყოფილი ხართ გუნდის ფიზიკური და ტაქტიკური მზადყოფნით?
– არ მეგულება მწვრთნელი, რომელიც მიღწეულით კმაყოფილი იქნება. როგორც აღვნიშნე, ბიჭები მონდომებით ვარჯიშობენ და სასურველ ფორმას ნელ-ნელა უახლოვდებიან, რასაც, იმედია, მალე მიაღწევენ. კმაყოფილი კი იმით ვარ, რომ წინსვლა აშკარაა და მსურს, აღებული ტემპი შევინარჩუნოთ.
– ყველაზე მეტად რისი დახვეწა ესაჭიროება ახლა ჩვენს ნაკრებს?
– უკრაინის ნაკრებთან მატჩებში ბევრი ბურთი დავკარგეთ, საჯარიმოებიც სასურველი სიზუსტით ვერ ვესროლეთ, თუმცა ეს მაგალითისთვის მოვიყვანე, ისე კი, ჩვენ ყველა სათამაშო კომპონენტზე ვმუშაობთ.
– ხომ არ შეგიძლიათ, ის მოთამაშეები დაასახელოთ, რომლებიც ხუთეულში იქნებიან?
– მთავარი ის კი არაა, ვინ დაიწყებს ხუთეულში თამაშს, არამედ ის, თუ ვინ მოგვაგებინებს. კარგ გუნდში ხუთეულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექცევა. ჩვენ გველის კიდევ არაერთი საკონტროლო მატჩი ლატვიასა და ავსტრიაში და ვინც კარგად წარმოაჩენს თავს, ხუთეულშიც ის ითამაშებს. ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამის შანსი ნაკრების ყველა წევრს აქვს.

ზაზა ფაჩულია ნაკრებთან სტამბოლში ჩავიდა
– ბოლოს ტაირონ ელისზე გკითხავთ. რომელ პოზიციაზე აპირბეთ მის თამაშს?
– ელისი ძალიან გამოცდილი და მრავალმხრივი მოთამაშეა. მას შეუძლია როგორც ქულების გროვება, ისე ბურთის აზრიანად გათამაშება. ელისმა ეს უკრაინაში გამოავლინა, როცა ერთ მატჩში ბომბარდირი გახდა, მეორეში კი ბლომად პასები ჩამოარიგა. ვნახოთ, შევხედავთ და სადაც უფრო მეტად დაგვჭირდება, ელისს იმ პოზიციაზე გამოვიყენებთ. ის მოედანზე იქნება და რითაც შეეძლება, გუნდს იმით დაეხმარება. გიორგი ცინცაძე ძალიან მონდომებულია, ის საკმაოდ კარგად ათამაშებს ბურთს და ამიტომ ჯერ თავს ვიკავებ, ელისს რომელიმე კონკრეტული პოზიცია მივუჩინო.