იგორ კოკოშკოვმა სერბეთის 15-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

იგორ კოკოშკოვმა სერბეთის 15-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში 20 თებერვალს, შვეიცარიასთან მატჩით ჩაერთვება, ხოლო 23-ში ილიას ზუროსის გუნდი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს, სერბეთის ნაკრებს ბელგრადში დაუპირისპირდება. სერბებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ – ყველასთვის კარგად ნაცნობი იგორ კოკოშკოვი, რომელიც 2008-2015 წლებში საქართველოს ეროვნულ გუნდს წვრთნიდა. კოკოშკოვმა დღეს გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომლისგანაც იმ 12 კალათბურთელს შეარჩევს, ვინც 20 თებერვალს ფინეთთან, 23-ში კი საქართველოსთან ითამაშებს.

გაფართოებულ შემადგენლობაში 15 კალათბურთელია, რომელთა შორისაც, ცხადია, არ არიან ევროლიგისა და ნბა-ს მოთამაშეები, თუმცა ევროპის ერთ-ერთ წამყვან საკალათბურთო ქვეყანას ძლიერი შემადგენლობის შეკრება არ გასჭირვებია. საკმარისია, დავასახელოთ მილოშ თეოდოსიჩი და მიროლავ რადულიცა, რომელთა გვერდითაც არაერთი ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშეა. 

კოკოშკოვის რჩეული 15-ეული ასე გამოიყურება:

მილოშ ტეოდოშიჩი (ვირტუსი, იტალია), მიროსლავ რადულიცა (დრაგონსი, ჩინეთი), ნიკოლა რებიჩი (ენისეი, რუსეთი), დეიან ტოდოროვიჩი (ანდორა, ესპანეთის ლიგა), ალეკსა ავრამოვიჩი (ესტუდიანტეს, ესპანეთი), მარკო სიმონოვიჩი (ცედევიტა ოლიმპია, სლოვენია), დეიან კრავიჩი (ობრადარიო, ესპანეთი), დალიბორ ილიჩი (იგოკეა, ბოსნია და ჰერცოგოვინა), ოგნიენ იარამაზი (პარტიზანი), უროშ ტრიფუნოვიჩი (პარტიზანი, სერბეთი), რადე ზაგორაცი (პარტიზანი, სერბეთი), ნოვიცა ველიჩკოვიჩი (პარტიზანი, სერბეთი), ალეკსა რადანოვი (რაბოტნიჩკი, სერბეთი), სტეფან ჯორჯევიჩი (რაბოტნიჩკი, სერბეთი), ოგნიენ დობრიჩი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი).

შესაძლოა, სერბეთისთვის დიდ ბარიერს არ წარმოადგენს ჩვენს ჯგუფში საუკეთესო ორ გუნდს შორის მოხვედრა და ევრობასკეტზე გასვლა, თუმცა ეს საკვალიფიკაციო მატჩები კოკოშკოვის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. სერბეთი ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, რომელიც 23-28 ივნისს ბელგრადში გაიმართება და 6 ნაკრებიდან (სერბეთი, პუერტო რიკო, სენეგალი, დიმინიკის რესპუბლიკა, იტალია, ახალი ზელანდია) მხოლოდ საუკეთესო მიიღებს ოლიმპიადის საგზურს.