ინტერვიუ არსალან კაზემისთან

ფეხბურთს უკეთ ვთამაშობ
ირანის ნაკრების კაპიტანი, 17 წლის არსალან კაზემი (203 სმ) ჩვენი მეტოქის შემადგენლობაში საუკეთესოდ თამაშობს. ორ შეხვედრაში იგი საშუალოდ 15.5 მოხსნას აგროვებს და ეს მაშინ, როდესაც კაზემი ამპლუით ფორვარდია და საქართველოს ნაკრების გაცილებით მაღალი და ფიზიკურად ძლიერი ოპონენტების წინააღმდეგ თამაში უწევს. მოედანზე დინჯი, სათადარიგოთა სკამზე კი ფეთქებადი არსალანი წელს კარიერას სავარაუდოდ იტალიურ “არეცოში” გაარგრძელებს. ვინ არის მისი კერპი? როდის დაიწყო არსალანმა კალათბურთის თამაში? ამ და სხვა კითხვაზე პასუხს მისი ინტერვიუდან (რომლის გაკეთებაშიც ირანის დელეგაციეს ერთ-ერთი წარმომადგენელი დაგვეხმარა, რადგან არსალანი თითქმის არ ფლობს არცერთ უცხო ენას) შეიტყობთ.
– არსალან, კარგ თამაშს გილოცავთ.- დიდი მადლობა. ამ ორ მატჩში ცუდად ნამდვილად არ მითამაშია, თუმცა ცუდია, რომ ორივე შეხვედრა ჩემი შეცდომით დაიწყო. ყველა ასეთ დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ. ასევე პასიურად ვითამაშე მეორე შეხვედრის მესამე მეოთხედში, როდესაც მხოლოდ 1 მოხსნა დავაგროვე და ქულის გაკეთება ხომ საერთოდ ვერ შევძელი. – თამაშის მსვლელობისას მესამე და მეოთხე ნომრებად თამაშობდი. რომელ ამპლუაში გრძნობ თავს უფრო კომფორტულად?- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. თავს ყველგან კომფორტულად ვგრძნობ. გააჩნია, რა შემადგენლობა ჰყავს მეტოქეს და აქედან გამომდინარე, ჩვენი მწვრთნელებიც შესაბამის სათამაშო გეგმას არჩევენ. მძიმე ფორვადისთვის ჯანი არ მყოფნის, ხოლო სამ ნომრად რომ პროდუქტიული ვიყო, კოორდინაცია და უბურთოდ გადაადგილება უნდა გავიუმჯობესო. სამუშაო ძალიან ბევრი მაქვს.- ორი თამაში შეადარე ერთმანეთს.- სამწუხაროდ, ორივეჯერ ჩავაგდეთ პირველი ნახევარი. მერე ოდნავ გავაუმჯობესეთ თამაშის ხარისხი, თუმცა თქვენი გუნდი უკვე ძალიან ბევრს იგებდა და ვეღარ დაგეწიეთ. პირიქით რომ ყოფილიყო, წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნებოდი.- საქართველოს ნაკრებში ვისი თამაში მოგეწონა?- მე რომ მეთამაშებოდა, გვარი არ ვიცი.- მერვე ნომერი (რეზო დიდია)?- კი, მერვე ნომერი. ჭკვიანი მოთამაშეა, გუნდზე ფიქრობს და ძალიან კარგი სროლა აქვს.- თქვენმა მწვრთნელებმა აღნიშნეს, არსალანი ამ ასაკში ჩვენი საუკეთესო მოთამაშეაო.- ალბათ, სტატისტიკიდან გამომდინარე თქვეს (იცინის). დიდი მადლობა კომლიმენტებისთვის, როგორც თქვენ, ასევე ყველას, ვინც თვლის, რომ პროგრესს განვიცდი.- “ზობ აჰანის” დუბლებშიც ულაპარაკო ლიდერი ყოფილხარ.- ალბათ, იქაც მიმართლებს. ხომ იცით, ირანში მოთამაშეს 18 წლის მანამ არ გახდება, პროფესიული კონტრაქტის გაფორმების უფლება არ აქვს. ეს ალბათ, კარგიცაა, რადგან ფიქრობ მხოლო და მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გაიუმჯობესო წმინდა სათამაშო კომპონენტები. ფული მეორეხარისხოვანია. პრინციპში, ფული ჩემთვის მთავარი ვერასოდეს იქნება. თუ წინ წავალ და კარგ მოთამაშედ ჩამოვყალიბდები, ფული ისედაც მექნება. ასე რომ, ამ ეტაპზე ყველაფრით კმაყოფილი ვარ.- ირანულ კალათბურთში უამრავი ლეგიონერია. შენი აზრით, ეს ირანელი მოთამაშეების წინსვლას ხელს ხომ არ შეუშლის?- არა მგონია, რადგან თუ ვინმეს რაიმეს დამტკიცება უნდა, ძლიერ მოთამაშესთან კონკურენციაში უნდა გააკეთოს ეს. “ზობ აჰანში” ლეგიონერები ყოველთვის იყო, მაგრამ პრეტენზია არავის გამოუთქვამს. პირიქით, კალათბურთზე რომ მეტმა ფანმა იაროს, ლეგიონერების ჩამოყვანა აუცილებელია.- კალათბურთში შენი კერპი ვინ არის?- კერპი არ მყავს, არა მარტო კალათბურთში, არამედ არსად. ისე კი, მომწონს ლებრონ ჯეიმსი, კობი ბრაიანტი, ცხადია, ჯორდანი. ერთხელ, ინტერნეტში წავიკითხე, აუქციონზე მაიკლ ჯორდანის მაისური სულ რაღაც 30 ევროდ იყიდება და ეგრევე ვაყიდინე მშობლებს. მერე აღმოჩნდა, რომ ვიღაც მაიკლ ჯორდანი ევროპაშიც თამაშობს და იმისი მაისური ყოფილა. ინგლისური ძალიან ცუდად ვიცი და აი, ასეთი კურიოზი შემემთხვა. – უცხო ენას არ ფლობ?- არა, ძალიან ცუდად.- სხვა სპორტით თუ ყოფილხარ გატაცებული?- სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ ფეხბურთს დღესაც კალათბურთზე უკეთ ვთამაშობ. 4 წელი ფეხბურთზე დავდიოდი, მაგრამ ბოლოს მაინც კალათბურთი ვარჩიე.- არსალან, დიდი მადლობა საუბრისთვის და ყველაფერში წარმატებას გისურვებთ.- დიდი მადლობა ყურადღებისთვის.