ინტერვიუ იტალიის ჩემპიონ ნიკა მეტრეველთან

ეროვნული ნაკრების დებიუტანტთა შორის ნიკა მეტრეველიცაა, რომელიც იგორ კოკოშკოვის გუნდში შარშანაც ისინჯებოდა, მაგრამ უცხოურ შეკრებაზე აღარ წაიყვანეს. ახლა კი მეტრეველი ავსტრიაში, ეროვნული გუნდის მოსამზადებელ ეტაპზეა მიწვეული, თუმც მანამდე მას ახალგაზრდულ ნაკრებში მოუწევს გარჯა. „სიენასთან“ ერთად მეტრეველი წლეულს იტალიის ჩემპიონი გახდა, თუმც ძირითად გუნდში მას მცირე ასაკისა და გამოუცდელობის გამო თამაში თითქმის არ უწევდა. ის ძირითადად ახალგაზრდულ გუნდში იყო დაკავებული და იტალიის 19–წლამდელთა ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა. ამ და სხვა ამბებზე მეტრეველი ინტერვიუში გვესაუბრება…
 

 
– გასული სეზონი უწინდელზე უკეთესი გამოდგა შენთვის – „სიენას“ ძირითად შემადგენლობაში გაერიე…
– რა თქმა უნდა, ამ სეზონში გარკვეული პროგრესი განვიცადე და ახალგაზრდულიდან „სიენას“ დიდ გუნდშიც მოვხვდი, მაგრამ სათამაშო დროის სიმცირის გამო მთლად კმაყოფილი არ ვარ. იტალიის სერია A–ში სულ ხუთჯერ გავედი მოედანზე და აქედან ყველაზე მეტი – 6 წუთი დავყავი მოედანზე.
– ფიქრობდი, რომ მეტს იმსახურებდი? „სიენა“ ხომ ევროპის გრანდებს განეკუთვნება…
– არა, მაგრამ სეზონის წინ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ იმედი მომეცა, რომ ბევრს ვითამაშებდი. სეზონის მოსამზადებელ მატჩებში „სიენას“ ახალგაზრდა მწვრთნელი, სიმონე პიანიჯანი სისტემატიურად მათამაშებდა. ერთ–ერთ მატჩში 20 წუთამდეც გამაჩერა მოედანზე და მეც თავი არ შემირცხვენია, მაგრამ დაიწყო ოფიციალური მატჩები და სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი. დიდ გუნდთან ვვარჯიშობდი სისტემატიურად, მაგრამ მოედანზე არ გავდიოდი. რამდენიმეჯერ მომიწია თამაშმა, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. შემდეგ მუხლებმა შემაწუხა, გუნდში ამერიკელი არიელ მაკდონალდი მოვიდა და ძირითად 12 კაცში ვეღარ ვხვდებოდი.
– შენი აზრით, მზად იყავი სათამაშოდ?
– შესაძლოა, იმ დონეზე არ ვყოფილვარ, როგორც გუნდის დანარჩენი წევრები, მაგრამ გამოცდილების მისაღებად კარგი იქნებოდა, რომ მოედანზე ხშირად გავეყვანე მწვრთნელს. პიანიჯანი კი შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელია. ახალგაზრდაა და ახალგაზრდებს არ ენდობა – თითოეული თამაშის მოსაგებად მაქსიმალურ რესურსს ხარჯავს.
– გამოდის, შენ ძირითადად ახალგაზრდულ გუნდში გიწევდა თამაში…
– 19–წლამდელთა ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავედით. ფინალი „ბენეტონთან“ დასანანად წავაგეთ, თუმც მანამდე თითქმის დაუმარცხებლად მივედით.
– ახალგაზრდულ ჩემპიონატში რა წარმატებით თამაშობდი?
– საბოლოოდ ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოვხვდი და აქედან კარგად ჩანს ყველაფერი. თუმცა შუა სეზონში ჩავარდნა მქონდა, რაც ტრავმებით იყო გამოწვეული.
– რომელ პოზიციაზე თამაშობდი?
– თავდამსხმელად, ანუ 4 ნომერზე. მე არ ვარ ცენტრი, შესაძლოა, სიმაღლე ხელს მიწყობდეს ამაში, მაგრამ  თამაში თავდამსხმელის პოზიციიდან უფრო მეხერხება.
– საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ცენტრის პოზიციაზე შედარებით ნაკლები კონკურენციაა, ვიდრე – თავდამსხმელისაზე….
– ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. როცა მნახავს იგორ კოკოშკოვი, პოზიციასაც შესაბამისად შემირჩევს. ისე კი, კონკურენცია არ მაშინებს. ვთვლი, რომ ძირითადში მოხვედრა შემიძლია.
– ეროვნულამდე ახალგაზრდულ ნაკრებში იქნები დაკავებული. ისე, ასაკი ხელს გიწყობდა, 18–წლამდელებშიც გეთამაშა…
 

ნიკა მეტრეველი (#7)
 
– შემეძლო, მაგრამ ასე გადაწყვიტეს მწვრთნელებმა და მეც არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. პირიქით, ახალგაზრდულში უფრო მერჩივნა, რადგან აქ შედარებით დიდი ასაკის მეტოქეებთან მომიწევს გაჯიბრება, რაც გამოცდილებას შემძენს. 18–წლამდელებში თორნიკე შენგელიასაც შეეძლო თამაში, მაგრამ ისიც ახალგაზრდულსა და ეროვნულშია. ერთი სიტყვით, კარგი შემადგენლობა გვყავს და ვნახოთ, რა გამოვა.
– „სიენაში“ შენს მომავალს როგორ ხედავ?
– ამ გუნდთან ხანგრძლივი კონტრაქტი მაკავშირებს. 2 წელია, „სიენაში“ ვარ და 6 წელი კიდევ დამრჩა. თუმცა ახალი სეზონიდან განათხოვრებას მიპირებენ, რათა სათამაშო პრაქტიკა მივიღო. ეს საერთო გადაწყვეტილება იყო – ჩემს ინტერესებშიც შედის და კლუბისაშიც. „სიენა“ მომავალ სეზონში ევროლიგის ჩემპიონობას აპირებს, კიდევ უფრო ძლიერდებიან და საჩემო სათამაშო დრო სავარაუდოდ არ გამოინახება. ამიტომ, მეც მინდა, რომ განამათხოვრონ და შედარებით სუსტ გუნდში სათამაშო პრაქტიკა შევიძინო. სავარაუდოდ, სერია A-2–ში, ანუ უმაღლესი ლიგის მომდევნო ლიგაში გადავალ.