ინტერვიუ კოტე ტუღუშთან

თბილავიამშენი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე “თბილავიამშენის” წევრი კოტე ტუღუშია, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 3 სამმაგი დუბლის გაკეთება მოახერხა. საქართველოს ნაკრების წევრი სეზონის დასაწყისში არცთუ სასურველ ფორმაში იმყოფებოდა, დღესდღეობით კი ძალიან კარგ ფორმაში მყოფი გუნდის ლიდერია და ერთადერთია საქართველოს ჩემპიონატში, ვინც საშუალოდ 16 ქულაზე, 5 მოხსნასა და 7 შედეგიან გადაცემაზე მეტს აგროვებს.
კოტესთან ინტერვიუც მიმდინარე ჩემპიონატს ეხება.
კოტე ტუღუში
 
დაიბადა: 1981 წლის 3 ინვისს თბილისში.
სიმაღლე: 192 სმ.
წონა: 90 კგ.
I მწვრთნელი: სერგო იშხნელი.
გუნდები: 1994-98, “ვითა”, 1999-2000, სტუ, 2000-01, სტუ, 2001-02, “სლოვანი” (სლოვენია), 2002-03, სტუ, 2003-04, “დინამო”, 2004-05, “ფეგა” (ირანი), 2005-06, “გოლგოჰარი” (ირანი), 2005-06, “თბილავიამშენი”, 2006-07, “ენერჯი ინვესტი”, 2007-08, “თბილავიამშენი”.
ჰობი: ინტერნეტი, კითხვა.
კერპი: მაიკლ ჯორდანი.
– კოტე, მოდი ჯერ მიმდინარე სეზონში შენი პირადი გამოსვლა შეაფასე.- სეზონის დასაწყისში ძალიან ცუდ ფორმაში ვიყავი, მაგრამ ნელ-ნელა ფორმა აღვიდგინე და შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე საკუთარი შესაძლებლობების სადღაც 60 პროცენტს ვავლენ. საერთოდ, გაზაფხული ჩემი დროა, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს სწორედ ამ დროს ვავლენ და გამონაკლისი არც ამჟამინდელი სეზონია.
– ფლეი ოფში კიდევ უფრო კარგ ფორმაში უნდა იყო, არა?- კი, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საფლეიოფოდ საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყო. ფლეი ოფში მთელი “თბილავიამშენი” კარგად უნდა შევიდეს და მაქსიმუმი გამოავლინოს. ჩვენი მიზანი სეზონის დასაწყისშიც და ახლაც, მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობაა. გვჯერა, რომ დღევანდელი შემადგენლობით ამის გაკეთება შესაძლებელია.
– კოტე, სეზონის სტარტზე ბევრს და საკმაოდ არაზუსტად ისროდი. ამ ეტაპზე სროლის პროცენტული მაჩვენებელიც გამოასწორე და გაცილებით ნაკლებსაც ისვრი.- გეთანხმებით. პირველ მატჩებში ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი გამეკეთებინა, მეტი ქულა მომეტანა გუნდისთვის, მაგრამ როგორც გითხარით, სასურველი ფორმისგან ძალიან შორს ვიყავი და ზედმეტი მონდომების გამო, გუნდი რამდდენჯერმე დავაღალატე. თანაც, სეზონის დასაწყისში, მზადებისას ტრავმა მივიღე და სანამ ხელი არ მოვირჩინე, სროლისას, ბურთის ტარებისას დიდ დისცომფორტს ვგრძნობდი. ერთ-ერთ თამაშში 11 სროლიდან 10 ვერ გამოვიყენე და მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. დღესდღეობით, ვცდილობ, ინიციატივა საკუთარ თავზე მხოლოდ მაშინ ავიღო, როდესაც ვგრძნობ, რომ ამით გუნდს სარგებელს მოვუტან. მეტწილად გუნდზე ვთამაშობ და მგონი, პასების საერთო რაოდენობის მხრივ, ყველაფერი ნორმალურადაა.
– “თბილავიამშენს” სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს, თუმცა არ გყავთ არცერთი ნომინალური გამთამაშებელი.- კი, გეთანხმებით, ნომინალური გამთამაშებელი არ გვყავს, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა, ბატონმა ლევან მოსეშვილმა სეზონის დასაწყისშივე აღნიშნა, გამთამაშებელი ტუღუში იქნებაო და ჯერჯერობით, თავს ახალ ამპლუაში საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ. უკანა ხაზში გამთამაშებელი ვერც გიორგი ნიკოლაძე იქნება და ვერც ირაკლი ხოშტარია, რადგან ისინი უფრო ორ ნომრებს თამაშობენ და ამ ამპლუაში საკმაოდ ძლიერებიც არიან. კარგი მსროლელია ნოდარ ბერაიაც, ხოლო ბუბა კვიმსაძე კი დაახლოებით იგივეს აკეთებს გუნდში, რასაც – მე, ანუ პირველ-მეორე ნომრების ფუნქციებს ითავსებს. ისე კი მგონია, რომ უკანა ხაზზე არანაკლებ ძლიერად ჩვენი წინა ხაზიც გამოიყურება, სადაც რიჩარდ მათიაშვილის გადმოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მობილურობა და ვარირების საშუალება მოგვეცა. ყველაზე მეტი მაღალი მოთამაშე “თბილავიამშენშია” და ამან ფლეი ოფში დიდი როლი უნდა ითამაშოს.
– გავიხსენოთ შარშანდელი სეზონი, როდესაც “ენერჯი ინვესტის” უკანა ხაზში შენ და გიორგი გამყრელიძე იყავით. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ტანდემი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში.- გამყრელიძესთან ერთად მარტლაც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ რუსთავში თითქმის ყოველთვის მეორე ნომერზე ვთამაშობდი და ისეთ მოთამაშესთან ერთად, როგორიც გამყრელიძეა, ყველაფრის კეთება გიიოლდება, რადგან გიორგი ძალიან კარგად ხედავს მოედანს და პასის არაჩვეულებრივი კულტურა აქვს. გამყრელიძე ძალიან ძლიერი გამთამაშებელია. მეორეს მხრივ, მანამდე “თბილავიამშენში” ვიყავი და იგივე ხოშტარიასთან და ნიკოლაძესთან საერთო ენის გამონახვა აღარ გამჭირვებია.
– “ენერჯისთან” მატჩებში უფრო ვისი მეურვეობა გიწევს?- ძირითადად ბესიკ ლეჟავას ვიყვან, ხოლო გამყრელიძეს კი გიორგი ნიკოლაძე ეთამაშება. ლევან მოსეშვილის აზრით, გუნდისთვის ასეა საჭირო.
– სხვა გუნდებზე რას იტყვი?- რა უნდა ვთქვა, ასეთი დაძაბული ჩემპიონატი დიდი ხანია, არ ჩატარებული. სეზონის დასაწყისში “მაკაბიც” სოლიდურად გამოიყურებოდა, ორჯერ ჩვენ მოგვიგო, “ენერჯისაც” აჯობა, მაგრამ მერე გუნდს დაღმასვლა დაეწყო, ხოლო მას მერე რაც გიორგი შერმადინი ამერიკაში გაემგზავრა, ამ გუნდს გაუჭირდება დამაჯერებელი თამაშის დემონსტრირება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, “ვითას” დაბრუნება, სერიოზული მეტოქეა თსუ, ვიქტორ სანიკიძემ “დყნამო” დიდ ძალად აქცია, ხოლო “ენერჯი ინვესტს” კი ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს.
– რა აზრის ხარ წლევანდელ სუპერლიგაზე?- შარშანდელზე ბევრად დინამიური და სანახაობრივად უკეთესია. სუპერლიგა, მისი ხელმძღვანელები ქართული კალათბურთის პოპულარიზაციისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. ხალხიც უნდა მოვიდეს მატჩებზე და იმედი მაქვს, რომ ფლეი ოფის შეხვედრებზე სპორტის სასახლეში ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოვა. შუპერლიგამ ანამდვილად გაამართლა.
– ორი წლის განმავლობაში სუპერლიგაში სამმაგ დუბლებს მხოლოდ შენ აკეთებ.- კი, კარგია ინდივიდუალური სტატისტიკის გაუმჯობესება და სასიამოვნოა, სხვებისგან რაღაცით თუ გამოირჩევი, მაგრამ ეს ჩემთვის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და არც იქნება. სამმაგ დუბლებს ყოველ მეორე მატჩში ჯეისონ კიდი აკეთებს, მე კი თითო სამმაგისთვის ერთი სეზონი მჭირდება. მთავარია, გუნდმა წარმატებით ითამაშოს და თუ პარალელურად, სამმაგ დუბლსაც გავაკეთებ, ორმაგად სასიახარულო იქნება.
– კოტე, ვინ არის სუპერლიგის ამ სეზონის საუკეთესო მოთამაშე?- ულაპარაკოდ, გიორგი შერმადინი, რომელმაც ძალიან მაგრად მოუმატა და იმედი მაქვს, სულ მალე ამერიკაში, დრაფტზე მას რომელიმე გუნდი აიყვანს და დაიტოვებს. ასეთი სიმაღლის მოთამაშისთვის, გიორგი ძალიან სწრაფია, აქვს კარგი, სტაბილური შორეული და საშუალო სროლა და მას საქართველოს ნაკრებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. გიორგის მომავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ამერიკაში შერმადინს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ნიანსზე მოუწევს ყურადღების გამახვილება, სხვა მხრივ კი გიორგის ძალიან ბევრი რამ აქვს ნასწავლი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მაღალი დონის მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატშიც თავისუფლად ჩამოყალიბდება.