ინტერვიუ ზვიად ბაბიაშვილთან

მეშვიდე ცდიდან ჩემპიონი
საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატი, სუპერლიგა, რუსთავის “ენერჯი ინვესტის” გამარჯვებით დასრულდა, რაშიც თავისი წვლილი ზვიად ბაბიაშვილმაც შეიტანა, რომელიც ამ გუნდში “თბილავიამშენიდან” გადავიდა. საქართველოს ნაკრების წევრი სტატისტიკურად წინა წლებივით გამორჩეული ვერ იყო, თუმცა გუნდის სქემას კარგად მოერგო და თავისი როლი ითამაშა რუსთაველების გაჩემპიონებაში. აღნიშნულ ინტერვიუში ბაბიაშვილი ამ და სხვა საინტერესო საკითხებზ საუბრობს.

– ახლოვდება ნაკრების კემპი. როგორ ფორმაში ხარ, აგრძელებ თუ არა ვარჯიშს?- ვვარჯიშობ, ვცდილობ შევინარჩუნო ფორმა. დავისვენე დაახლოებით 10 დღე სუპერლიგის სეზონის დასრულების შემდეგ, მას მერე კი ინდივიდუალურად ვვარჯიშობ.
– სანამ ნაკრების თემას დავუბრუნდებოდეთ, მოდი, სუპერლიგის განვლილი სეზონი შევაფასოთ.- საინტერესო სეზონი იყო, იყო სამი-ოთხი თანაბარი ძალის გუნდი და აქედან გამომდინარე, ყველა მატჩი დაძაბული იყო. პირადად მე რაც შემეხება, როგორც იქნა, 6 ვერცხლის მედლის შემდეგ, როგორც იქნა, მეღირსა ოქროს მედლის მოგება. ჩემთვის ეს ჩემპიონატი კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია.
– პირადი სტატისტიკით უკან დაიხიე, სამაგიეროდ, ჩემპიონი გახდი. – ძირითადად, მთავარი მწვრთნელი დავიტ უსტიაშვილი დაცვაზე გვაკეთებინებდა აქცენტს, რამაც გაამართლა და საბოლოოდ, ამან შედეგი მოიტანა. წინა წლებში, ყოველთვის ისე გამოდიოდა, რომ ძირითადად, ენერგიეს შეტევაში ვხარჯავდი, მაგრამ როგორც გითხარით, ოქროს მედალი ვერ მოვიპოვე. “ენერჯი ინვესტში” წინა პლანზე გუნდური პრინციპები, დისციპლინა იდგა და მეც ყველანაირად ვეცადე, მწვრთნელის ყველა მითითება შემესრულებინა. გაცილებით სასიამოვნოა, დააგროვო თუნდაც ორი ქულა და მოიგო, ვიდრე 30 ქულამდე მოუყარო თავს და დამარცხდე.
– “ენერჯი ინვესტში” შენს გარდა რამდენიმე ძლიერი მაღალი მოთამაშეც იყო – იოვან სტეფანოვი, ჟულივეტ ტუჯანი, რეზო დიდია. მწვრთნელიც სათამაშო დროს თანაბრად გინაწილებდათ. ხომ არ გექმნებოდა ამასთან დაკავშირებით რაიმე დისკომფორტი?- თავიდან ცოტათი გამნიჭირდა, რადგან წინა წლებში გაცილებით მეტი მიწევდა თამაში. შეჩვეული ვიყავი გაცილებით მეტ სათამაშო დატვირთვას, მაგრამ სეზონის მსვლელობისას ყველაფერი თავის ადგილას დადგა და მოუთმენლად ველოდი ჩემს შანსს. ეს ერთის მხრივ კარგიც იყო, რადგან მწვრთნელის მიერ გამოყოფილ დროში ყველანი მაქსიმალურად ვიხარჯებოდით და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ძირითადში დაიწყებდი თამაშს თუ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვებოდი შეხვედრაში.
– “თბილავიამშენი” ჩემპიონი რომ გამხდარიყო, რამდენად კანონზომიერი იქნებოდა?- კანონზომიერი იქნებოდა, რადგანაც “თბილავიამშენიც” საკმაოდ ძლიერი იყო და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო. როგორც მაღლებით, ასევე პერიმეტრის მოთამაშეებით, ლევან მოსეშვილის გუნდი ძლიერად იყო დაკომპლექტებული და ოდნავი მოდუნების შემთხვევაშიც კი, გუნდი ეგრევე გვეწეოდა. თუნდაც ის მატჩები ავიღოთ, როდესაც 20-15 ქულას ვიგებდით და მაინც გვეწეოდნენ, თუმცა ისიც კანონზომიერია, რომ ჩემპიონობა “ენერჯიმ” მოიპოვა. ალბათ, მეტი მოვინდომეთ და საბოლოოდ, ჩემპიონებიც გავხდით.
– შენი აზრით, ვინ იყო გასული სეზონი საუკეთესო მოთამაშე?- კოტე ტუღუშმა დამსახურებულად მოიპოვა საუკეთესო მოთამაშის ტიტული, რადგან ფინალურ სერიაში ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა და შარშანდელის დარად, წელსაც სრულიად დამსახურებულად გავიდა პირველ ადგილზე. ასევე მინდა აღვნიშნო იოვან სტეფანოვის გამოსვლაც, რომელმაც ასევე ძალიან ძლიერი სეზონი ჩაატარა. იგი შეიძლება ტუღუშზე ცუდი სტატისტიკით ასრულებდა მატჩებს, მაგრად დაცვაში ძალიან მაგრად იდგა და მნიშვნელოვნად განაპირობა ჩვენი გამარჯვება. იგივეს თქმა შემიძლია “ენერჯის” კიდევ ერთ წევრზე, გიორგი გამყრელიძეზე.
– მოდი, წინა, წაგებული ფინალები გავიხსენოთ.- ცოტათი მძიმე გასახსენებელია, მაგრამ გავიხსენოთ. მას მერე, რაც უმაღლეს დივიზიონში დავიწყე თამაში, თითქმის ყოველთვის საჩემპიონო ამბიციების მქონე გუნდში ვირიცხებოდი. სამწუხაროდ, ამას სედეგი არ მოჰქონდა. ალბათ, მნიშვნელოვან მომენტებში ვცდებოდით, რაღაცას არასწორად ვაკეთებდით, მაგრამ ფაქტია, რომ პირველ ადგილზე ვერ გავდიოდით. კონკრეტულა, ამას ვერავის და ვერაფერს ვერ დავაბრალებ, თუმცა ფაქტია, რომ ჩემპიონები მაინც ვერ ვხდებოდით. განსაკუთრებულად მტკივნეული “ვითასთან” წაგებული სერია იყო. მაშინ, “აზოტის” წევრი ვიყავი და სერიას 2:0 ვიგებდით.
– მაინც რის გამო დამარცხდით?- რთული კითხვაა. ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ ასეთი ჰანდიკაპის მერე იმ სერიის წაგება იქნებოდა შესაძლებელი. “ვითას” საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავდა, თუმცა მაინც ჩვენ უნდა მოგვეგო. მაშინ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავდა – ირაკლი ჯაფარიძე, რამაზ გოგობერიშვილი, მიხეილ ბერუაშვილი, არჩილ ჟღენტი, ზაზა გაბისონია, ლევან წიკლაური, ლევან ჩაჩუა.
– ფინალური სერია აზერბაიჯანში ყოფნის დროსაც წააგე.- ეს იყო ძალიან დიდი კურიოზი. კურიოზი არ არის, ქვეყნის ჩემპიონად ერთბაშად ორ გუნდს რომ გამოაცხადებ. ევროპაში რომ გაიგეს აზერბაიჯანელების ამ გადაწყვეტილების შესახებ, გაუკვირდათ, ასეთი რამ ევროპული კალათბურთის ისტორიას არ ახსოვსო. ჩემპიონობის სერია 3 მოგებამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ სერიისთვის ინტერესის შესანარჩუნებლად, “გალას” მთავარი მწვრთნელის, რიმას კურინაიტისის მოთხოვნით, ჩატარდა კალათბურთის ფედერაციის კრება, სადაც გადაწყდა, რომ სერიის გამარჯვებული გამოსავლენად ერთ-ერთ გუნდს ოთხი, ანუ დაგეგმილზე ერთით მეტი გამარჯვება უნდა მოეპოვებინა. როდესაც მეტოქე დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით, განახორციელეს სხვა გეგმა, რომელიც სერიის ჩაშლას ითვალისწინებდა – ჩვენი გუნდის გულშემატკივრებთან ჩხუბის გამო ფინალი ჩაიშალა იმ დროს, როდესაც წინ ვიყავით 3:2 და ფინალის მეექვსე მატჩი, რომელშიც ასევე წინ ვიყავით, შეწყდა, მასთან ერთად კი სერიაც დასრულდა. ჩემპიონი ვერც ამ ჯერზე ვერ გავხდი. მაშინ, ჩვენი მეტოქის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ანატოლი ბოისა, დავით მუშკუდიანი, ლაშა კეშელავა, ჟულივეტ ტუჯანი, ირაკლი ბერიშვილი და მთავარი მწვრთნელი ნუგზარ კანდელაკი.
– ნაკრების ძირითად განაცხადში შარშან მოხვდი. წელს თუ გაქვს ამ ჯგუფში მოხვედრის იმედი?- იმედი მაქვს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც მწვრთნელებზე იქნება დამოკიდებული. თუ ჩათვლიან, რომ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ, ამას რა აჯობებს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა – არაფერს დავიშურებ, რომ ეროვნულ გუნდში მოვხვდე.