მსოფლიო კალათბურთის ისტორიაში სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა. თუკი აქამდე ვეტერანთა შორის მსგავსი მასშტაბის ტურნირები ძირითადად კერძო კომპანიების ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, პრივატულად ტარდებოდა, ახლა საქმეს ხელმძღვანელობა უშუალოდ მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ — FIBA-მ გადაიბარა და პირველი ოფიციალური ტურნირი სახელწოდებით FIBA MASTERS OPEN 2026 გამართა.
გრანდიოზული გახსნა კორინთოს ყურის სანაპიროზე
ტურნირის მასშტაბურობა გახსნის ცერემონიალზევე გახდა თვალსაჩინო. საბერძნეთში, ქალაქ ქსილოკასტროს მარინაში, კორინთოს ყურის სანაპიროზე, FIBA-ს 5-ვე რეგიონის 28 ქვეყნიდან 100-ზე მეტი გუნდი და 1000-ზე მეტი კალათბურთელი შეიკრიბა.
ღონისძიებას ესწრებოდა FIBA ევროპის პრეზიდენტი ხორხე გარბახოსა, რომელმაც საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა:
„ეს პირველი გამოცემაა, თუმცა ნამდვილად არ იქნება უკანასკნელი. თქვენ აქ საოცარი ემოცია და ენერგია მოიტანეთ, რამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.“
მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმა FIBA-ს გენერალური მდივანი ანდრეას ზაგკლისიც:
„ეს არ არის უბრალოდ შეჯიბრება — ეს არის 40 წელს გადაცილებული კალათბურთელების ერთი დიდ ოჯახად გაერთიანება, მიუხედავად იმისა, ოლიმპიური მედლების მფლობელი ხარ თუ მთელი ცხოვრება მოყვარულ დონეზე თამაშობდი. ეს თქვენი გლობალური სცენაა.“
ტურნირის უნიკალური ფორმატი და 40+ კატეგორია
აღსანიშნავია, რომ ტურნირი არ ატარებდა მხოლოდ ეროვნული ნაკრებების ხასიათს — ეს იყო შერეული ტიპის ჩემპიონატი, სადაც ერთმანეთის გვერდით ასპარეზობდნენ როგორც ქვეყნის სახელით გამოსული გუნდები, ისე ცალკეული კლუბები.
იმ 40+ ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა, სულ 6 ქვეყნის 12 გუნდი მონაწილეობდა. ქვეყნის წარმომადგენლობითი სახელით 3 გუნდი გამოდიოდა — საქართველო, გერმანია და ირლანდია. მათ გარდა, ტურნირში მონაწილეობდნენ იტალიური (Italia Golden Players) და ესპანური კლუბები, ასევე მასპინძელი საბერძნეთის 6 ადგილობრივი გუნდი.
საქართველოს ღირსებას კალათბურთის გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ვეტერანები იცავდნენ:
ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, დავით ბარბაქაძე, ვახტანგ მინაშვილი, ლუკა შანიძე, დავით არწივიძე, ირაკლი დოლიძე, მიხეილ გოგუაძე, ირაკლი ჩხეიძე… გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ პაატა გურასპაული და ნოდარ ქორქია.
საქართველოს ნაკრების საჩემპიონო სვლა და ბრინჯაოს ტრიუმფი
ქართველმა ვეტერანებმა ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და პირველივე მატჩებიდანვე აჩვენეს, რომ ოქროს მედლებისთვის იბრძოლებდნენ.
ჯგუფური ეტაპზე საქართველო სრული დომინანტი გახლდათ. ჩვენებმა ნაკრებმა ორივე ბერძნული კლუბი უშანსოდ დაამარცხეს:
ორივე მატჩში 100-ქულიანი ბარიერის გადალახვითა და საშუალოდ 103.5 ქულის დაგროვებით, ქართველებმა ჯგუფში პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავეს.
1/4-ფინალში საქართველოს მეტოქედ კიდევ ერთი ბერძნული გუნდი — Greek Masters ერგო. ქართველმა კალათბურთელებმა შეტევაში კვლავ შედევრი შემოგვთავაზეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს:
ნახევარფინალში დრამატული ბრძოლა გაიმართა მომავალ ჩემპიონთან
ნახევარფინალში დრამატული ბრძოლა გაიმართა მომავალ ჩემპიონთან. საქართველო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ გერმანიის ნაკრებს შეხვდა. დაძაბულ და დრამატულ ორთაბრძოლაში, სადაც გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, გერმანელებმა ოდნავი უპირატესობით იმარჯვეს:
გერმანიამ მოგვიანებით ფინალში იტალიური „Italia Golden Players“ 69:66 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.
მატჩი მე-3 ადგილისთვის — ბრინჯაოს ფინალი!
ნახევარფინალური გულდასაწყვეტი მარცხის მიუხედავად, ქართველმა ვეტერანებმა უდიდესი ხასიათი გამოვლინეს. 12 ივლისს, მე-3 ადგილისთვის მატჩში, საქართველო მასპინძელ Korinthians-ს დაუპირისპირდა. უშეღავათო და ემოციურ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა 65:63 იმარჯვა და FIBA-ს ისტორიაში პირველი Masters Open-ის ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა!