საკვალიფიკაციო რაუნდში, რომლის გამარჯვებულიც სუპერლიგის 2023-2024 წლების სეზონის საგზურს მიიღებს, ანგარიში გათანაბრდა. სერია, რომელიც ტიტებისთვის სუპერლიგაში დარჩენის შანსია, ხოლო ივერიონისთვის უმაღლესში აღზევების, დაიძაბა და საინტერესო გახდა. ტიტებმა, რომელმაც სუპერლიგის რეგულარული ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე დაასრულა, დებულების თანახმად, უმაღლესის საგზური უნდა დაიცვას, რაშიც მისი მოცილე “ა” ლიგის ფინალურ სერიაში დამარცხებული გუნდია.
გორის ივერიონს სუპერლიგაში გადასვლის ამბიცია ჰქონდა, თუმცა პირდაპირი გზით, “ა” ლიგის მოგებით ეს ვერ მოახერხა. ფინალში ტყიბულის ორბმა იმარჯვა, გორელებს კი სუპერლიგაში გადასვლა მხოლოდ მისი წევრის – ტიტების დამარცხებით შეუძლია. საკვალიფიკაციო სერიის პირველი მატჩი ტიტებმა 109:98 მოიგო და დღესაც რომ ემარჯვა, ხელჩასაჭიდ ლიდერობას დაიბევებდა, თუმცა გორის გუნდმა დიდებულად ითამაშა, განსაკუთრებით, შეტევაში და 117:97 (სტატისტიკა) გამარჯვებით სერია გაათანაბრა.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო ამერიკელი ჯერმეინ ჰედი, რომელმაც 34 ქულა, 11 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. 24 ქულა დააგროვა ჯაილან ჰასლემმა, 17 ქულა აიზია ლუისის ანგარიშზეა. ტიტებს ვერ უშველა კენდრიკ ტომპსონმა, რომელმაც ამჯერად 30 ქულა და 10 პასი მიითვალა. 22 ქულა დარიუს ბელის ანგარიშზეა.
სერიის მომდევნო 2 მატჩი 26 და 27 აპრილს გორში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ რომელი გუნდიც 3 მოგებას მოიპოვებს, სუპერლიგის საგზურიც მისი იქნება.