იზმირში, გადაჭედილი თურქი გულშემატკივრების თვალწინ, დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც ოვერტაიმში გადაიზარდა, გიორგი შერმადინის ლიდერობით, ესპანურმა “ტენერიფემ” 106:97 დაამარცხა “ქარშიაქა” და ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.
ფიბა-ს უმაღლეს საკლუბო ტურნირში დარჩენილმა 16-მა საუკეთესო კლუბმა ჯგუფური ეტაპი დაიწყო. შერმადინის ტენერიფეს თურქულ ქარშიაქასთან ერთად ჯგუფში ბერძნული პერისტერი და ისრაელის ჰაპოელი ჰყავს. ამ ოთხეულიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა, მანამდე კი გასვლა-სახლის პრინციპით გუნდებმა 2 წრე უნდა ითამაშონ.
შერმადინი შეუჩერებელი გახლდათ. მან ტენერიფელთაგან ყველაზე მეტი – 34 წუთი ითამაშა და შედეგიანობით მოედანზე მყოფთაგან აუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 12-დან 9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში მან 25 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 37-ს უწია, რაც, ცხადია, ვერავინ გადაფარა და შერმადინმა MVP-ის მორიგი ტიტული დაისაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ შერმადინმა ბურთების უმეტესობა მარსელიონიო ჰუერტასის პასებით ჩააგდო. ბრაზილიელმა გამთამაშებელმა საბოლოოდ 17 ქულა და 15 პასი მოაგროვა, ტენერიფელთაგან ასევე 25 ქულა ჰქონდა გუნდის ახალწვეულს, ამერიკელ კაილი გაის.
მე-2 ტურის მატჩს ტენერიფე 31 მარტს, შინ, ბერძნულ პერისტერისთან ჩაატარებს.