ჯეი არ ჰოლდენი: თუკი ფორმაში ვიქნები, რუსეთის ნაკრებში ვითამაშებ

ჯეი არ ჰოლდენი: თუკი ფორმაში ვიქნები, რუსეთის ნაკრებში ვითამაშებ

ლიტვაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფში მყოფ თითქმის ყველა ნაკრებს ჰყავს ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი. ერთადერთი სლოვენიაა, რომელიც მთლიანად ამ ქვეყნის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
 
ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტ რუსეთსაც ჰყავს ნატურალიზებული კალათბურთელი, რომელმაც ბოლო ორ სოლიდურ (მსოფლიო და ევროპის) ჩემპიონატზე დევიდ ბლატის გუნდში თამაშზე უარი განაცხადა. მიზეზი სათანადო ფორმაში არყოფნა იყო. რუსეთის ნაკრების თავკაცმა ამასწინანდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლდენს კვლავ გამოიძახებს, თუმცა მისი ჩამოსვლის იმედი ნაკლებად აქვს.
 

2007 წელს ჯეი არ ჰოლდენი რუსეთს ევროპის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა
 
თავად ჰოლდენმა კი ასეთი კომენტარი გააკეთა: „თუკი კარგ ფორმაში ვიქნები, რუსეთის ნაკრებში ვითამაშებ. ამის სურვილი ნამდვილად გამაჩნია. მე გამარჯვებები მიყვარს და არ მინდა, ისეთ მოთამაშედ ვიქცე, რომელიც რუსეთის ნაკრებს შეაფერხებს. გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ცუდ ფორმაში ვიყავი და ნაკრებს დახმარებას ვერ გავუწევდი. უარიც ამიტომ ვთქვი. მომავალ ზაფხულს თუკი შევძლებ, რუსეთს აუცილებლად დავეხმარები“.
 
ბულგარეთს, ბელგიას და საქართველოს უკვე ჰყავთ ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშეები, ხოლო უკრაინა სწორედ ამ ევროჩემპიონატის წინ აპირებს დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ მოთამაშე სტივ ბურტის გაუკრაინელებას. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვისი ამერიკელი როგორ ფორმაში იქნება. ეს გარკვეულწილად განსაზღვრავს კიდეც გუნდების წარმატებას ჯგუფურ ეტაპზე.