ჯუნიორ ნბა-ს A ლიგის გამარჯვებული ოვერტაიმი-ვინგსი გახდა

ჯუნიორ ნბა-ს A ლიგის გამარჯვებული ოვერტაიმი-ვინგსი გახდა
ჯუნიორ NBA-ის 2023 წლის A ლიგა ვინგსი-ოვერტაიმის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც ტურნირში ფილადელფია 76-ის სახელით გამოდიოდა. ეს გახლდათ 2 გუნდის – ვინგსის და ოვერტაიმის გაერთიანებული გუნდი, რომელიც თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა და გაცემული ავანსი გაამართლა. 
 
ჯუნიორ ნბა-ს წლევანდელი გათამაშება ყველაზე მასშტაბური იყო და მასში მთლიანობაში, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 100-ზე მეტი გუნდი და 2000-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა. უფრო ზუსტად, ჯუნიორ ნბა-ს გათამაშება გრძელდება – B და C ლიგების გამარჯვებულები 14 და 15 ივლისს გამოვლინდებიან.
 
ტურნირის ორგანიზატორი გახლავთ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების განყოფილება, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ხოლო მხარდამჭერი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 
 
ჯუნიორ ნბა-ს ფინალზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსული იყო ნბა-ს ელჩი ფრანცისკო ელსონი, რომელიც სან ანტონიოს შემადგენლობაში ნბა-ს ჩემპიონია. მასთან ერთად ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ ამერიკის საელჩოს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და ყოფილი კაპიტანი – ზაზა ფაჩულია. 
 
ფინალურ მატჩში ოვერტაიმი-ვინგსმა ქუთაისი 3 დაამარცხა. მესამე ადგილი ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ქუთაისი 1-ს მოუგო და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა. ფინალის დასრულების შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი სადაც ჩემპიონატის 1-4 ადგილებზე გასულ გუნდებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.
 
პრიზიორი გუნდების დაჯილდოება
 
 
მე-4 ადგილზე გასული ქუთაისი 1 (დენვერ ნაგეტსი), მესამე ადგილოსანი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი (ნიუ-იორ ნიქსი) და მეორე ადგილოსანი ქუთაისი 3 (ოკლაჰომა) შესაბამისი სინჯის მედლებით ხოლო ჩემპიონი გუნდი ვინგსი-ოვერტაიმი(ფილადელფია) NBA-ის საჩემპიონო მედლებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაულმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა და NBA-ის ყოფილმა მოთამაშე ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშემ კრისტოფერ ანდერსონმა და ფედერაციაში საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების განყოფილების უფროსმა, გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვეს.
 
საუკეთესო 8 მოთამაშის დაჯილდოება

სეზონის საფინალო მატჩში ტრადიციულად გამოვლინდა 2023 წლის ჯუნიორ NBA-ის A ლიგის ოთხთა ფინალის 8 საუკეთესო მოთამაშე:
 
ქუთაისი 1 – საბა ლოსაბერიძე, სანდრო ტუღუში
ზაზა ფაჩულიას აკადემია – ანდრია ქურდიანი, გიორგი გოჩაშვილი
ქუთაისი 3 – გური ობოლაძე, მათე დახუნდარიძე
ვინგსი-ოვერტაიმი – საბა დოხნაძე, ლუკა გოცირიძე
 
8 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს ეროვნული ნაკრების მაისურები, ეროვნული ნაკრების მოქმედმა კალათბურთელებმა გიორგი შერმადინმა, კახაბერ ჯინჭარაძემ და დუდა სანაძემ გადასცეს.
 
ტურნირის საუკეთესო მოთამაშის – MVP-ის დაჯილდოება

 
 
ჯუნიორ NBA-ის A ლიგის საუკეთესო მოთამაშე, MVP გახდა ვინგსი-ოვერტაიმის მოთამაშე საბა დოხნაძე, რომელსაც სპეციალური თასი NBA-ს 2-გზის ჩემპიონმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ გადასცა.
 
საჩემპიონო თასის გადაცემა
 
 
გამარჯვებული გუნდის კაპიტანი სპეციალური, საჩემპიონო თასით, ჯუნიორ NBA-ის ელჩმა, სან ანტონიოში ნბა-ს ჩემპიონმა, ვეტერანმა კალათბურთელმა, ფრანცისკო ელსონმა დააჯილდოვა!