საქართველოში მიმდინარე ჯუნიორ ნბა-ს 3 ლიგიდან ერთი დღეს დასრულდა. რანგით ყველაზე დაბლა მდგომ C ლიგაში ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც მაიამი ჰითის სახელით მოასპარეზე დინამო თბილისმა დაძაბულ ბრძოლაში – 52:50 დაამარცხა ჯეო კინგსი (ოკლაჰომა) და ჩემპიონი გახდა. C ლიგა მეორედ გათამაშდა და ის იმ გაზრდილი მოთხოვნილების შედეგია, რომელიც კალათბურთში ამ ასაკობრივ (10-12 წლის ბავშვები) კატეგორიაში ბოლო წლებში დაფიქსირდა.
ამ ასაკებში გუნდების სიმრავლის გამო 5 წლის წინ B ლიგა ჩამოყალიბდა, შარშან კი C ლიგაც დაემატა და ბოლო 2 წელია, ჯუნიორ ნბა-ს 3 ლიგაში სტანდარტულად 90 გუნდი მონაწილეობს, თუმცა აქაც არის კონკურენცია. წლეულს 136-მა გუნდმა გამოთქვა ჯუნიორ ნბა-ს ლიგაში ასპარეზობის სურვილი, რომელთაგან საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ 90 (30-30 თითო ლიგაში) შეირჩა.
შესაბამისად, წლევანდელ ჯუნიორ ნბა-ს გათამაშებებში ჯამში 2040 ბავშვი მონაწილეობდა, რაც ნებისმიერი ასაკობრივი ლიგისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ტურნირი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ევროპული წარმომადგენლობის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
A ლიგისგან განსხვავებით, ჯუნიორ ნბა-ს B და C ლიგების მატჩები მთლიანად თბილისში ტარდება. C ლიგის ფინალში დიდი ბრძოლა გაიმართა, რომელიც დინამოელთა ლიდერის, ლუკა ჯერენაშვილის ძალისხმევით ამ გუნდის გამარჯვებით დასრულდა. დინამოს მიერ მოგროვებული 52 ქულიდან 45 ჯერენაშვილმა მიითვალა, რითაც ჩემპიონი გუნდის ვინაობა დინამოს სასარგებლოდ გადაწყვიტა.
გამარჯვებულები საჩემპიონო ბეჭდებით ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა – ალექსანდრე ფევაძემ, ლუკა ლიკლიკაძემ და გივიკო ბაქრაძემ დააჯილდოვეს, რომლებმაც ჯეო კინგსს ვერცხლის, ხოლო გდა-ს (გელა დარსაძის აკადემია) ბრინჯაოს მედლები გადასცეს.
ჯუნიორ ნბა-ს A და B ლიგის ფინალები შესაბამისად 10 და 11 ივლისს გაიმართება.