ჯუნიორ ნბა, რომელიც საქართველოში უკვე მე-6-ედ ტარდება, ფინალურ ეტაპს მიუახლოვდა. წლევანდელი სეზონის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგაში მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ბრუკლინი („ბრუკლინი“) – ლომები („მემფისი“) შეხვდებიან, ხოლო ფინალში მეგა („ბოსტონი“) და ოვერტაიმი („პორტლენდი“) იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის. „ბ“ ლიგის ფინალურ შეხვედრას 2 ივლისს, 17:50 საათზე, თბილისის ოლიმპიური სასახლეშე უმასპინძლებს. მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, რომელშიც მონაწილეობას ოთხთა ფინალში მონაწილე გუნდები და მოწვეული სტუმრები მიიღებენ.
ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის ფინალთან დაკავშირებით სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც NBA-ს ელჩი საქართველოში, NBA-ს ყოფილი მოთამაშე იგორ რაკოცევიჩი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი – სახალხო დიპლომატიის ოფიცერი- ამირა ისმაილი და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაული დაესწრნენ.
პაატა გურასპაული: ვამაყობთ ჯუნიორ ნბა-ს პროექტით საქართველოში, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა და NBA-ს წარმომადგენლობის ყოველწლიური სტუმრობა ჯუნიორ ნბა-ს ლიგებზე პროექტის წარმატებისა და მასშტაბურობის დასტურია. მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის საელჩოს, რომლის გარეშეც საქართველოში ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა და რომელიც მუდამ მხარდაჭერას გვიჭერს კალათბურთის განვითარების საქმეში.
იგორ რაკოცევიჩი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ასაკის ბავშვები სპორტში ჩაერთონ და კალათბურთი ითამაშონ, სადაც ისინი არამხოლოდ სპორტულ, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც ეზიარებიან. ისინი ისწავლიან წაგებას, შეიცნობენ გამარჯვების სიხარულს და ემოციებს. ისწავლიან გუნდურობას და მნიშვნელოვან გაკვეთილებს აითვისებენ. სწორედ ეს გახლავთ ამ პროექტის მიზანი და მიხარია, რომ სულ მალე ვიხილავ ქართველი ბავშვების იმ ემოციებს და სიხარულს, რომელიც NBA-ს საჩემპიონო ბეჭდების მოპოვებას ახლავს თან.
ამირა ისმაილი: ამერიკის საელჩო მოხარულია, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს და უფრო და უფრო მეტი მოზარდი ერთვება კალათბურთში, რომლებიც გუნდურ მუშაობას და სხვადასხვა მნიშვნელოვან უნარებს ითვისებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტი პირველად 2016 წელს განხორციელდა და მისი მასშტაბურობა ყოველ სეზონზე იზრდება.
ჯუნიორ ნბა, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, ტარდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯუნიორ ნბა-ს 2022 წლის სეზონში, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო 75 გუნდმა და 1200-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელმა.
ჯუნიორ ნბა-ს ლიგა საქართველოში NBA-ს ანალოგიური პრინციპით ტარდება. ლიგის თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს. მთლიანად, დასკვნით ეტაპზე, „ა“ და „ბ“ ლიგების მონაწილე 900 კალათბურთელს ნბა-ს სათამაშო ფორმები გადაეცა. „ა“ ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა, ხოლო „ბ“ ლიგის თამაშებს მთლიანად დედაქალაქმა უმასპინძლა.
საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბავშვთა საკალათბურთო პროექტი – ჯუნიორ ნბა, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, კალათბურთის პოპულარიზაციას და პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენას. ჯუნიორ ნბა-ს ლიგა მომავალ კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და მშობლებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ საკალათბურთო ცოდნა და გაიზიარონ კალათბურთის თამაშის სიხარული.