კადეტებმა ანკარაში ჯგუფი მოილიეს

ანკარის საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფური ეტაპი მოილია საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა. მანამდე ყველა შეხვედრაში დამარცხებული გია კაზანჯიანის შეგირდები ჯგუფის ბოლო ტურში ლიდერ საფრანგეთს დაუპირისპირდნენ. ფრანგებს მანამდე ყველა მეტოქე დაემარცხებინა და ქართველებთანაც არ გასჭირვებია  სასურველი შედეგის მიღწევა. საბოლოოდ მეტოქემ 104:55 იმარჯვა და ქართველებს ჯგუფში ბოლო ადგილი არგუნა.
კაზანჯიანის გუნდს ანკარაში კიდევ 2 მატჩი აქვს ჩასატარებელი. მეორე ჯგუფიდან ვერგასულ გუნდებს უნდა შეხვდეს და ტურნირის 8–12 ადგილები გაინაწილოს. ქართველები 19 თებერვალს დაუპირისპირდებიან იტალიელებს, ხოლო მომდევნო მეტოქე ან ბულგარეთი, ანაც უკრაინა იქნება – გააჩნია, რა შედეგებით დასრულდება ეს მატჩები.
სხვათა შორის, საქართველომ ყველაზე კარგად ანკარაში უკრაინასთან ითამაშა, 9 ქულით დათმო მატჩი და თუკი ახლა კვლავ მოუწევს მასთან დაპირისპირება, გამარჯვების შანსი ეძლევა. თუმცა მანამდე იტალიაა…