ლატვიაში უკრაინასთან სათამაშოდ ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “რიგა არენაზე” პირველი ვარჯიში გამართა. ეს გახლდათ უფრო მოთელვითი, აღდგენითი ვარჯიში, რომლის დროსაც ჩვენი ნაკრების წევრებმა ახალი დარბაზი, რომ იტყვიან, “დაზვერეს”. მგზავრობის შემდეგ მწვრთნელთა შტაბმა გუნდს საშუალება მისცა, დაესვენა და შესაბამისად, ილიას ზუროსს რიგის დარბაზში კომბინაციებისა და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებზე ვარჯიში არ ჩაუტარებია.
ეს გახლდათ თამაშამდე ბოლო ვარჯიში “რიგა არენაზე”, რადგან დღეს, 30 ივნისს, ამ დარბაზში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი გაიმართება ლატვიასა და სერბეთს შორის. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, 10500 მაყურებელზე გათვლილი “რიგა არენა” მთლიანად სავსე იქნება, რადგან ყველა ბილეთი გაყიდულია.
საქართველოს ნაკრები “რიგა არენას” მხოლოდ 1 ივლისს, თამაშის დღეს დაუბრუნდება, რადგან 30 ივლისს ამ დარბაზში ლატვია სერბეთს მასპინძლობს, ხოლო ამ დღეს ზუროსის გუნდი RIMI ოლიმპიურ ცენტრში ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრები “რიგა არენაზე” თამაშის დღეს, დილას მოკლე ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო საღამოს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, უკრაინას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 20:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.