კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2023 წელი საანგარიშო ყრილობაზე შეაჯამა

კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2023 წელი საანგარიშო ყრილობაზე შეაჯამა

23 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ყრილობა გაიმართა. ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ განვლილი წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა და ის წარმატებები შეაჯამა, რომლებსაც ჩვენმა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწიეს.

ქორთიარდ მერიოტში გამართულ ყრილობას ფედერაციის წევრი სუბიექტების – სუპერლიგისა და “ა” ლიგის კლუბების, საკალათბურთო სკოლების, კავშირების და რეგიონული ფედერაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. არსებული დელეგატების აბსოლუტურ უმრავლესობასა და მოწვეულ სტუმრებს – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის, ფედერაციის სპონსორების წარმომადგენლებს ვიქტორ სანიკიძემ ყველა ის პროექტი წარუდგინა, რომლებსაც კალათბურთის ფედერაცია ახორციელებს.

პრეზიდენტმა ისაუბრა ასაკობრივი ჩემპიონატებში მონაწილეებისა და მატჩების ზრდაზე, ბავშვთა კალათბურთში მასობრიობის მატებაზე, მსაჯთა კორპუსის საერთაშორისო წარმატებებზე და რაღა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში გადასულ 16-წლამდელთა ნაკრებსა და ჩვენს ეროვნულ გუნდზე, რომელიც ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა და ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა – პლანეტის 16 საუკეთესო ნაკრებში მოხვდა. ამით ჩვენმა ნაკრებმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლება მიიღო, რომელიც 2-7 ივლისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.

დამსწრე დელეგატებმა დადებითად შეაფასეს ფედერაციის მიერ განვლილ წელს გაწეული სამუშაო.