ხიმკისთან მოგებულ მატჩში შენგელია 4 ქულას და 2 მოხსნას დასჯერდა

ხიმკისთან მოგებულ მატჩში შენგელია 4 ქულას და 2 მოხსნას დასჯერდა

მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის შემდეგ თორნიკე შენგელიამ თავის გუნდთან ერთად მე-5 სპარინგ-მატჩი მოიგო. არმიელების მორიგი მეტოქე მძლავრი “ხიმკი” გახლდათ, ქართველი ფორვარდისთვის კი ეს შეხვედრა შედეგიანობით ვერ გამოირჩა.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 17:34 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი, 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ცუდი ის იყო, რომ თოკოს მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 4 ქულით ნაკლები ჩააგდო.

საინტერესოა, რომ მოსკოვურმა კლუბმა პირველი მეოთხედი წააგო, თუმცა, შემდეგ აშკარა უპირატესობას დაეუფლა, მე-3 და მე-4 მეოთხედების მიჯნაზე კი, ხიმკის 37:7 აჯობა და საბოლოო ჯამში, მეტოქე 101:71 გაანადგურა. ცსკა-ს რიგებში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერები იყვნენ: მაიკ ჯეიმსმა 25 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, უილ კლაიბერნმა კი – 19 ქულა და 6 მოხსნა.

ცსკა-ს მომდევნო მატჩები ნევის თასზე ელის, რომელიც 10-11 სექტემბერს პეტერბურგში გახლავთ დაგეგმილი. შენგელიას გუნდი ნახევარფინალში ყაზანის უნიკსს ეთამაშება, წარმატების შემთხვევაში კი, ფინალში, ზენიტსა და ყუბანის ლოკომოტივს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.