შერმადინი ტენერიფელებს არა მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერობს. ქართველი ცენტრი ნებისმიერ ტურნირში ბოლომდე იბრძვის და აგერ, ესპანეთში აღიარებიდან რამდენიმე საათში მან ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩში თავი ისახელა. ტენერიფელებმა თავისი ჯგუფის ლიდერ დინამო სასარის უმასპინძლეს და იტალიური გუნდი უშანსოდ დატოვეს – 115:85.
გამარჯვებაში ლომის წილი შერმადინმა დაიდო. მას არასრული 20 წუთი დასჭირდა საიმისოდ რომ მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. 19:51 წუთში ქართველმა ცენტრმა 19 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა. ტენერიფელთაგან ასევე გამოირჩნენ ბრუნო ფიტიპალდო, ფრან გუერა და ტაილერ კავანა, რომლებმაც 16-16 ქულა მიითვალეს. შერმადინის მომმარაგებელ მარსელინიო უერტასის ანგარიშზე 15 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.
ამ გამარჯვებით შერმადინის გუნდმა ჯგუფიდან გასვლის, ანუ პლეი ოფში თამაშის გარანტია მიიღო. ტენერიფელებს 4 მოგება და 1 მარცხი აქვთ და ჯგუფის ბოლო მატჩს 20 იანვარს, დანიაში, “ბაკენ ბიარსთან” ჩაატარებენ.
გათამაშების სისტემის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე 32 გუნდიდან (8 ოთხგუნდიანი ჯგუფი) პლეი ოფში 16 საუკეთესო გავა. შედგება 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი და თამაშები მიმოსვლით გაიმართება. თითო ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი, ანუ ჯამში 8 გუნდი რვათა ფინალში გავა, რომელიც, წინა გათამაშების მსგავსად, ანტიკორონავირუსული რეგულაციების დაცვით, ბაბლის პრინციპით ერთ ქვეყანაში ჩატარდება.