ადრიატიკის ლიგა
ვლადიმერ ბოისას და გიორგი შერმადინის „ოლიმპიამ“ ადრიატიკის ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. ლიუბლიანელთა მეტოქე უშუალო კონკურენტი „ბუდუჩნოსტი“ გახლდათ, რომელიც ოლიმპიელებმა სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში – 71:70 დაამარცხეს.
ლიუბლიანელებს გამარჯვება ვლადო ილიევსკიმ მოაპოვებინა. სლოვენიელმა უკანახაზელმა თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ილიევსკი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც ათქულიანი ბარიერის გადალახვა მოახერხა – სტუმართა ლიდერმა შეხვედრა 19 ქულითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
სარგებლიანობის საერთო კოეფიციენტის დაანგარიშებით ილიევსკის შემდეგ შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა საუკეთესო შედეგი. ქართველმა ცენტრმა მოედანზე გატარებულ 29.45 წუთში 6 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), ამდენივე მოხსნა და 2-2 პასი-ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.
სასტარტო ხუთეულში დაიწყო შეხვედრა ბოისამ, თუნცა მას მხოლოდ 12 წუთი აკმარეს, რომლის განმავლობაშიც ბოისამ 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი) და 3 მოხსნა გააკეთა.
22 შეხვედრიდან ლიუბლიანელებს 14 გამარჯვება აქვთ და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ კრკა-ს. “ოლიმპია” ლიგის მომდევნო მატჩს კვლავ გასვლაზე ჩაატარებს – მომავალ შაბათს სლოვენიელები კიდევ ერთ კონკურენტს, ფინალურ ოთხეულში მოხვედრისთვის მებრძოლ “ზაგრებს” (13 მოგება, 9 წაგება) ესტუმრებიან.
ბელგიის ჩემპიონატი
თორნიკე შენგელიას “პეპინსტერმა” ბოლო ოთხ შეხვედრაში მესამე გამარჯვების მოპოვება შეძლო. ქართველის გუნდმა ამჯერად “ლიეჟი” დაამარცხა, შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებზე პეპინსტერელთა სასარგებლოდ გადაწყდა – 76:74. ამ გამარჯვებით შენგელიას გუნდი ლიეჟელებს ცხრილში გაუტოლდა – ორივე მათგანს 6 გამარჯვება და 11 მარცხი აქვს. ანალოგიური შედეგი გააჩნია “ლიოვენსაც”. პლეი ოფში კი საუკეთესო 6 გუნდი გადის და სავარაუდოდ სწორეთ ამ გუნდებს შორის გაიმართება ბრძოლა ბოლო საპლეიოფო საგზურისთვის
“ლიეჟთან” შეხვედრაში შენგელიამ მხოლოდ 13 წუთი ითამაშა. თორნიკემ 5 პერსონალური მიიღო და ნაადრევად დატოვა მოედანი. მანამდე კი, ქართველმა ფორვარდმა 2 ქულისა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 საჯარიმო) და 3 მოხსნის გაკეთება შეძლო. ბელგიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში “პეპინსტერი” ცხრილში შედარებით დაწინაურებულ “ანტვერპენს” ესტუმრება.