ლეგიონმა ისევ იტალიაში გაიბრწყინა

ლეგიონმა ისევ იტალიაში გაიბრწყინა

    იტალიის სერია A
ვიქტორ სანიკიძეს ამჯერად ორმაგი დუბლი არ მიუთვლია, მაგრამ მისმა გუნდმა იმარჯვა და რაც მთავარია, ქართველმა ფორვარდმა ყველაზე კარგი სტატისტიკა აჩვენა. შესაბამისად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც სწორედ სანიკიძე შეიძლება, ჩაითვალოს.
 
ვიქტორის „კანადიან სოლარი“ სტუმრად „მონტეგრანაროს“ ხვდებოდა და დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით – 75:72 დაამარცხა. თუკი აქამდე სანიკიძეს ბევრი თამაში არ უწევდა, მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი ამჯერად ყველაზე დიდ ხანს დატოვა მოედანზე. ვიქტრომა თამაში ხუთეულში დაიწყო და 33 წუთში 13 ქულა და თავისიანთაგან უმეტესი 7 მოხსნა მოაგროვა. სანიკიძე მაღალი სიზუსტით ისროდა“ 3–დან 3 ორქულიანი, 2–დან 1 სამიანი და 5–დან 4 საჯარიმო მიითვალა. მისი სარგებლიანობის საერთო კოეფიციენტმა 22 შეადგინა, მის შემდეგ კი ბოლონიელთაგან საუკეთესო შედეგი კელვინ რივერსს ჰქონდა – 16.
 

მანუჩარ მარკოიშვილი (ზურგით) “მონტეგრანაროსთან” მატჩში
 
„კანადიან სოლარს“ 21 მატჩიდან 12 გამარჯვება აქვს და სერია A-ს ცხრილში მე–5 ადგილზე რჩება. ცხრილში ადგილი არ შეუცვლია და ისევ მეორეზეა მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“, რომელმაც ამ ტურში შინ „აველინო“ 91:67 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ უთამაშია, ქართველი ლეგიონერი საკმაოდ შედეგიანი იყო.
 
17 წუთში მარკოიშვილმა 12 ქულა მოაგროვა. მანუჩარმა 5 ორქულიანიდან 4 გამოიყენა, 5 სამიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო,  სამივე საჯარიმოც ზუსტად შეასრულა და თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო. ამასთან, მან 2-2 მოხსნა-პასიც მიითვალა.
 
„აველინოს“ განაცხადში იყო 19 წლის მერაბ ბოქოლიშვილი, მაგრამ მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.
 
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
ტორინ გრინის „გრან კანარიამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ლასპალმასელები სტუმრად „მენორკას“ შეხვდნენ და 76:67 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა. გრინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24,31 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ტორინმა 3–დან 1 ორქულიანი, 6–დან 2 სამიანი და 2–დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, გრინს 10 ქულა დაუგროვდა, რასაც მან 5 პასი და 2 მოხსნა მოაყოლა.
 

ტორინ გრინი მენორკელ მიხაელ ბრამოსის წინააღმდეგ
 
„გრან კანარიასთვის“ ეს მე–11 გამარჯვება აღმოჩნდა 12 მარცხის წილ და ეს გუნდი პრიმერადივიზიონში მე–10 ადგილზეა. მოგებ–წაგებათა ანალოგიური შეფარდება აქვს საქართველოს ნაკრების მეორე ნატურალიზებულ ამერიკელ ქუინტონ ჰოსლის „ხუვენტუდსაც“, რომელმაც დღეს ერთ–ერთ ლიდერ „რეალთან“ მადრიდში 60:78 დამარცხდა.
 
ჰოსლიმ ხუთეულში და 23,30 წუთი ითამაშა. მან 5–დან 3 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამივე სამქულიანი კი ააცილა და 7 ქულას დასჯერდა. ქუინტონი საკმაოდ მარჯვედ მოქმედებდა ფარქვეშ და საბოლოოდ 7 ბურთიც მოხსნა.
 
დაძაბულ ბრძოლაში წააგო ნიკა ცქიტიშვილის „ლაგუნ არომ“, რომელიც ბოლო მეოთხედამდე უძალიანდებოდა ბილბაოში „ბისკაიას“, თუმც საბოლოოდ 86:92 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა 12,45 წუთი ითამაშა და მოედანი 6 ქულითა და 2 მოხსნით დატოვა. ცქიტიშვილმა 5–დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.  „ლაგუნ აროს“ 9 მოგება და 14 მარცხი აქვს, ცხრილში კი მე–13 ადგილზე იმყოფება.
 
კიდევ ერთი ქართულპასპორტიანი ამერიკელის, ტაირონ ელისი გუნდმა იმარჯვა. „ესტუდიანტესმა“ „უნიკახას“ უმასპინძლა და 78:69 დაამარცხა. ელისმა 18,40 წუთში 9 ქულა და 1 მოხსნა ჩააგდო. ტაირონმა 6 სამქულიანიდან 3 მიითვალა. 12 მოგებითა და 11 მარცხით „ესტუდიანტესი“ მე–9 ადგილზე იმყოფება.
 
 

     ადრიატიკის ლიგა
გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას „ოლიმპიამ“ ხორვატიაში მეტად დაძაბულ ბრძოლაში „ზაგრები“ დაამარცხა – 89:85. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ნაკრების წევრებს თავი დიდად არ გამოუჩენიათ. ბოისამ 3,45 წუთში ვერც ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი ვერ მიითვალა, შერმადინმა კი 16 წუთში 2 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
 
„ოლიმპიას“ და ბელგრადის „პარტიზანს“ 15 მოგება და 8 წაგება ქვს და ეს გუნდები 2–3 ადგილებს იყოფენ, ხოლო პირველზე სლოვენიური „კრკაა“, რომელსაც 16 მოგება და 7 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩს „ოლიმპია“ 8 მარტს შინ ჩეხურ „ნიმბრუკთან“ გამართავს.