ლიდერი პირველად ნაკრებმა დაამარცხა

ნაკრები (U-16) – ქუთაისი (U–18)   79:77
16–წლამდელთა ნაკრები თამაშს მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს. უფროსასაკიანებში მოთამაშე გია კაზანჯიანის გუნდმა, რომელიც დღეს თურქეთში საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა, ტურნირის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს მოუგო.
ქუთაისელებმა წინა ტურში 18–წლამდელთა საბაზისო გუნდს „აკადემიას“ მოუგეს და ჯგუფში პირველობა ფაქტობრივად გაინაღდეს, თუმც დღეს იმერლებმა 16–წლამდელთა ნაკრებთან ვერაფერი გააწყვეს.
მატჩის დებიუტში კაზანჯიანის გუნდმა გონივრული თამაშის წყალობით სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. ნაკრების გამწევი ძალა აქამდეც იყო და ალბათ მომავალშიც უკანა ხაზი იქნება. ნიკა რამიშვილი და ირაკლი მიქელაძე ბურთს კარგადაც ათამაშებენ და მისი კალათში ჩაგდებაც ეხერხებათ. ამ ბიჭების წყალობით ნაკრებმა დღეს ხასიათის შემქმნელი გამარჯვება მოიპოვა თურქეთში გამგზავრებამდე.
ცუდი მხარე ნაკრებისთვის ის იყო, რომ ბოლო მეოთხედში კინაღამ წააგეს ეს თითქმის მოგებული მატჩი. 20 ქულით მოლიდერე ნაკრებმა ბოლო ათწუთეული 18 ქულით წააგო და ლამის ხელიდან გამოეცალა მისთვის ასე მნიშვნელოვანი გამარჯვება.