“ქუთაისმა” სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი “ბათუმი” დაამარცხა

“ქუთაისმა” სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი “ბათუმი” დაამარცხა

სუპერლიგის მე-9 ტური დღეს ქუთაისში, დასავლური დერბით დაიწყო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა გია კაზანჯიანის “ბათუმსს” უმასპინძლეს და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. აჭარული გუნდი ამ მატჩამდე 5 მოგებითა და 3 მარცხით ცხრილში მე-2 ადგილზე იყო, ქუთაისელებს კი 7 მატჩიდან 3 მოგება გქონდათ და წაგების შემთხვევაში საქმეს ირთულებდნენ.

საკმაოდ დაძაბული, თანაბარი და საინტერესო მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით – 75:69 დასრულდა, რითაც იმერულმა კლუბმა მოგებ-წაგებები გაითანაბრა (4-4) და სუპერლიგის ლიდერებს მიუახლოვდა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში, დასკვნით წუთებზე გადაწყდა. მანამდე კი ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. მცირედით ხან ქუთაისი ლიდერობდა, იშვიათად კი აჭარლები დაწინაურდებოდნენ ხოლმე.

მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ქუთაისელებმა შედეგიანობა გამოავლინეს და ჯეიმს მილიკანის, შონ რაუნდთრის, ბექა ბექაურისა და გიორგი ბარბაქაძის მიჯრით ჩაგდებული ქულებით 69:63 დაწინაურდნენ. კოლინ მალკოლმმა და ლევან მასხულიამ ბათუმელთა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირაეს, თუმცა მატჩის ბედი ჯეიმს მილიკენმა გადაწყვიტა, რომელმაც ჯერ ორქულიანი, შემდეგ შეტევაში კი სამიანიც ჩააგდო – “ქუთაისი” 74:67 დააწინაურა და ბათუმელებს თამაშის გადასარჩენად დრო აღარ შერჩათ.

გამარჯვებულთაგან 18 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო შედეგი ბექა ბექაურმა დააფიქსირა. ბომბარდირი 19 ქულით ჯეიმს მილიკენი გახდა. 16 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო 14 – შონ რაუნდთრიმ. “ბათუმში” 19 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო იყო კოლინ მალკოლმი. 16 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა ალექსანდრე ფევაძეს. ნიკოლა ვუიოვიჩმა მატჩი 12 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

სუპერლიგის მიმდინარე ტურის მორიგი 3 შეხვედრა 7 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

ქუთაისი – ბათუმი
სტატისტიკა: 75:69