საქართველოს ნაკრებმა ფინეთი მეორედაც დამარცხა და ევრობასკეტზე გასვლის ზღვარზეა

საქართველოს ნაკრებმა ფინეთი მეორედაც დამარცხა და ევრობასკეტზე გასვლის ზღვარზეა

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრები მეორე ადგლზე გამაგრდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფინეთს მეორედაც მოუგო. 21 ნოემბერს ესპოოში მოგებული მატჩის შემდეგ ფინელები თბილისს ესტუმრნენ და აქაც მარცხი განიცადეს. საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 17-ქულიანი მარცხი აგემა – 81:64 (სტატისტიკა), რითაც უხეიროდ დაწყებული საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ სატურნირო ვითარება გამოისწორა და ახლა ევრობასკეტზე გასასვლელად 1 ნაბიჯი აკლია.

საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩი თებერვალშია დაგეგმილი და საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად 1 ნებისმიერი გამარჯვება აწყობს, თუმცა ამ მოგებების ხელშეწყობით საქმე ისეა, რომ 2 მატჩის წაგებითაც შესაძლოა, ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფიდან გავიდეს. შემდეგი მატჩი საქართველოს 21 თებერვალს, თბილისში, დანიასთან ელის, რის შემდეგაც 3 დღეში სერბეთს სტუმრად შეხვდება და საკვალიფიკაციო ტურნირს ამით დაასრულებს.

საქართველოს ნაკრებისა და ფინეთის თბილისური მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, პირველი მეოთხედი სტუმრებმა 21:17 მოიგეს. ტრადიციულად, ფინელები ქულების მოპოვებას პერიმეტრიდან ცდილობდნენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ყველაზე აქტიურები ამერიკელი ლეგიონერი კამარ ბოლდუინი და კაპიტანი თორნიკე შენგელია იყვნენ, მათი კარგი თამაშის წყალობით ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი მეორე მეოთხედის ბოლოს წინაც გავიდა, თუმცა ტაიმი მაინც ფინეთის გამარჯვებით დასრულდა – 40:38.

მესამე მეოთხედში ქართველი კალათბურთელები შეტევაში უფრო სწრაფად გადადიოდნენ, ხოლო დაცვაში მეტოქე გუნდის მოთამაშეებს მჭიდროდ ეთამაშებოდნენ. როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვითი მოქმედებების დროს გამორჩეული იყო ბოლდუინი, საკუთარ თავზე მეტ სროლას იღებდა დუდა სანაძე, ხოლო ფარის ქვეშიდან ქულების დაგროვებას თორნიკე შენგელია ცდილობდა.

მეოთხედის ბოლოს საქართველოს ნაკრების 4-ქულიან გაქცევას სათავე რატი ანდრონიკაშვილმა დაუდო, მან ორჯერ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ჩვენი გუნდის შეტევები ზუსტი სროლებით დასრულდა. საბოლოოდ, მეოთხედი საქართველომ 17:13 მოიგო და გადამწყვეტი პერიოდის წინ დაწინაურდა – 55:53. 

ყველაფერი გადამწყვეტ პერიოდში მოხდა. საქართველომ მეტოქეს მთავარი დარტყმა მაშინ მიაყენა, როცა მატჩის ბედი წყდებოდა. პერიოდის განმავლობაში სწრაფ შეტევებში შედეგიანები თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე იყვნენ. მეოთხედის პირველ წუთებში მცირე ტრავმა მიიღო ბოლდუინმა, თუმცა ის მოედანზე დარჩა და თავი შესანიშნავი ჩაჭრებითა და გადაცემებით გამოიჩინა, რის შემდეგაც საქართველო წინ 10 ქულით გავიდა. ამ მომენტიდან საქართველოს ნაკრები შეუჩერებელი გახდა, ჩვენი გუნდი როგორც სამქულიანის ხაზიდან, ასევე სამწამიანიდან წარმატებით უტევდა და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე მეტი, 25 ქულა თორნიკე შენგელიას ჰქონდა. ნაკრების კაპიტანმა 16-დან 10 სროლა და 5-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, მის ანგარიშზე ასევე იყო 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 6 შედეგიანი გადაცემა. 22 ქულა, 9 მოხსნა, 6 გადაცემა და 3 ჩაჭრა ბოლდუინის ანგარიშზეა, 12 ქულით დაასრულა მატჩი დუდა სანაძემ, 9-ით – ბურჯანაძემ, 6-ით – ანდრონიკაშვილმა, 5-ით – შერმადინმა, ხოლო 2-ით – ფევაძემ. ფინეთის ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ნკამუა იყო 11 ქულით.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ მატჩს 21 თებერვალს თბილისში გამართავს, ხოლო დასკვნითი შეხვედრა 25 თებერვალს ბელგრადში, სერბეთის წინააღმდეგ გაიმართება. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის, ოღონდ სატურნირო ვითარება ფინეთს არ ეხება, რომელიც ევრობასკეტის მასპინძელია და რომელ ადგილზეც არ უნდა გავიდეს, საგზური ჯიბეში აქვს.