მაიამიში მოგებულ მატჩში ბითაძემ 6 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა
GBF
2021-03-20
ზედიზედ 2 წაგების შემდეგ გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა გამარჯვება მოიპოვა. ინდიანელები სტუმრად მაიამი ჰითს შეხვდნენ და მეტოქე საკმაოდ დამაჯერებლად – 137:110 დაამარცხეს.
ინდიანამ შარშანდელი ფინალისტი დამაჯერებლად დაამარცხა – ანგარიშში უპირატესობის მოპოვება სასტარტო მეოთხედშივე მოახერხა და თამაშის ბოლომდე სხვაობას მხოლოდ ზრდიდა.
პეისერსის გამარჯვებაში თავისი წვლილი 20 წლის ქართველმა ცენტრმაც შეიტანა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 17:45 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-ქულიანიდან ორჯერ ზუსტად ისროლა, პერიმეტრიდან კი მისი ორივე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამას გარდა, ბითაძემ 5 საჯარიმო ტყორცნა, საიდანაც 2 ჩააგდო. გოგა ორჯერ დაჯარიმდა.
სტუმართა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მაკლოლმ ბროგდონს მიუძღვის, რომელმაც 9-იდან 7 სამქულიანი ჩააგდო და თამაში 27 ქულით დაასრულა. 17-17 ქულა მიითვალეს ჯასტინ ჰოლიდეიმ და დუგ მაკდერმოტმა, ხოლო ორმაგი დუბლით ტი ჯეი მაკონელი (16 ქულა, 15 პასი) და დომანტას საბონისი (13 ქულა, 15 მოხსნა) გამოირჩნენ.
მაიამიში საუკეთესო 20 ქულით ედრის ადებაიო იყო, 17 ქულა იყო ჯიმი ბატლერის ანგარიშზე, 16 – გორან დრაგიჩის.
ინდიანა პეისერსმა რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 40 მატჩში 18 გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. მომდევნო თამაშს გოგა ბითაძის გუნდი 21 მარტს, ისევ მაიამი ჰიტთან გამართავს, რომელიც 42 მატჩში 22 მოგებით აღმოსავლეთში მეოთხე პოზიციაზეა.