ამერიკელმა თად მაკფადენმა, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს და საქართველოს ნაკრების წევრია, ესპანეთში ახალი საკალათბურთო სეზონი დაიწყო. მისმა ახალმა კლუბმა “მურისამ” ლიგა ენდესას პირველ ტურში “ბარსელონას” კატალონიაში დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 78:85. ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო და მასპინძლებმა ბოლო წუთებზე მოახერხეს მებრძოლი მურსიელების გატეხვა.
მაკფადენმა მოედანზე 26:14 წუთი გაატარა და სტუმრებს 14 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მან 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
მაკფადენი მურსიას რიგებში მხოლოდ ამერიკელ აიზია ტეილორსა (18) და ბრაზილიელ აუგუსტო ლიმას (15) ჩამორჩა, ბარსელონას კი კორი ჰიგინსმა (18), ნიკოლა მიროტიჩმა (18) და ბრენდონ დევისმა (17) ულიდერეს. მურსიელები მომდევნო მატჩს 24 სექტემბერს, შინ, ბექა ბურჯანაძის ბეტისთან ჩაატარებენ.