თად მაკფადენის “ბურგოსი” მადრიდის “რწალს” შეხვდა და 60:74 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა ფინეთში ჩატარებული სანაკრებო მატჩების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში პირველად ითამაშა.
მაკფადენი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და შეტევაზე იყო მომართული, რადგანაც 18.05 წუთში ერთბაშად 10 (!) სამქულიანი ესროლა. ზუსტი მხოლოდ 3 გამოდგა და თადმა მატჩი 9 ქულით დაასრულა. მისი მონაგარი 1 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარებაც იყო.
მიმდინარე სეზონში მაკფადენის საშუალო მაჩვენებელი 13.6 ქულა, 1.5 მოხსნა და 2.3 პასია, სან პაბლო ბურგოსი კი 8 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. თადის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 დეკემბერს, სტუმრად, იბეროსტარ ტენერიფესთან ჩაატარებს, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ნოემბრის საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს მაკფადენმა საქართველოს ნაკრების ორივე მატჩში ითამაშა. ფინეთთან შეხვედრაში მისი მონაგარი 14 ქულა და 10 პასი იყო, შვეიცარიასთან კი – 24 ქულა და 6 პასი.