მამუკელაშვილის 11 ქულა და მარცხი კრეიტონთან

მამუკელაშვილის 11 ქულა და მარცხი კრეიტონთან

ამერიკის სტუდენტურ ლიგის ერთ-ერთ მოწინავე კონფერენცია Big East-ში სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი შინ კრეიტონს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 81:85 დამარცხდა. კრეიტონელთა რიგები არ უთამაშია კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერს, რატი ანდრონიკაშვილს, რომელმაც შემოდგომაზე ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ახლა ვარჯიშს კი შეუდგა, თუმცა მოედანზე სავარაუდოდ კიდევ 2 თვე ვერ დაბრუნდება. 

სანდრომ 33 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სეტონ ჰოლის რიგებში საუკეთესო ბრაის აიქენი იყო, რომელმაც 21 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი კრეიტონელი მიჩ ბალოკი გამოდგა 29 ქულით, 2 მოხსნითა და 4 პასით.

ამგვარად, სეტონ ჰოლმა ზედიზედ მე-2 მარცხი განიცადა და Big East-ის კონფერენციაში 6 გამარჯვების საპირისპიროდ 4 მარცხი დაუგროვდა, ხოლო მთლიანად სეზონში 9 მოგებისა და 6 წაგების ბალანსი გააჩნია. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 31 იანვარს ვილანოვას წინააღმდეგ გამართავენ.