მამუკელაშვილის 27 ქულა და ორმაგი დუბლი განვითარების ლიგაში

მამუკელაშვილის 27 ქულა და ორმაგი დუბლი განვითარების ლიგაში

2 მატჩი 24 საათში. სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-სა და განვითარების ლიგაში ზედიზედ ითამაშა. ჯერ მან მილუოკის მაისური მოირგო და 3 ქულა ჩააგდო, განვითარების ლიგაში კი “ვისკონსინ ჰერდის” მაისურით ითამაშა და გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. 

მილუოკიმ კლივლენდი ანგარიშით 117:102 დაამარცხა. 23 წლის ქართველმა ფორვარდმა სათამაშო დრო 9:26 წუთი მიიღო და 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. სანდრომ ერთხელ პერიმეტრიდან არაზუსტად ისროლა, ერთი ორქულიანი კი ჩააგდო. მისი ორი საჯარიმო სროლიდან ზუსტი ერთი აღმოჩნდა.

მეორე დღეს მამუკელაშვილმა G ლიგაში გადაინაცვლა, სადაც ვისკონსინს სქაიფორსთან მოგებულ მატჩში ორმაგი დუბლით დაეხმარა და ამ სეზონში პირადი რეკორდით გამოირჩა – 27 ქულა ჩააგდო. 

ქართველმა კალათბურთელმა სათადარიგო სკამიდან ითამაშა და მოედნაზე 33 წუთი დაჰყო, რა დროშიც 27 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა (5 შეტევაში, 5 დაცვაში) და 4 პასი მიითვალა. სანდრომ თამაშიდან 19-ჯერ ესროლა და 11 ჩააგდო, 4 საჯარიმოდან კი 3 გამოიყენა. მის ანგარიშზე ასევე 3 დაკარგვა და 2 ფოლი იყო. 

ვისკონსინ ჰერდს 5-5 მოგება-წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად 30 ნოემბერს, გრანდ რაპიდს გოლდსთან ჩაატარებს.