მამუკელაშვილის 5 ქულა და მილუოკის მარცხი შარლოტში

მამუკელაშვილის 5 ქულა და მილუოკის მარცხი შარლოტში

ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა “მილუოკი ბაქსმა”, რომლის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს, მორიგი მატჩი სტუმრად, “შარლოტთან” გამართა და 106:114 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა ამ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა და 12:10 წუთი ითამაშა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 5 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 პასი დააგროვა. მან 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, შორი მანძილიდან კი ერთხელ ისროლა და ვერ ჩააგდო. ამ დროის განმავლობაში სანდრო მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.

მატჩი ვისკონსინელების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მეორე და მესამე მეოთხედებში მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. იანის ანტეტოკუნმპოს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა. ბერძენი კალათბურთელის ანგარიშზე 41 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასია. აღსანიშნავია ისიც, რომ „ბაქსის“ კალათბურთელებიდან ორმაგი დუბლი კიდე ორმა მოთამაშემ მიითვალა. კრის მიდლტონს 27 ქულა და 10 მოხსნა დაუგროვდა, ბობი პორტისს კი 19 ქულა და 13 მოხსნა. „ჰორნეტსის“ მხრიდან გამორჩეული 28 ქულით ტერი როზიე იყო, მაილს ბრიჯესის ანგარიშზე 21 ქულაა, ლამელო ბოლს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – მან 19 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი დააგროვა.

ბაქსს“ ამ შეხვედრის შემდეგ 26 მოგება და 16 წაგება დაუგროვდა. მოქმედი ჩემპიონები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 11 იანვარს ისევ „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.