მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” NCAA-ის ფინალურ ტურნირში 15 მარტს ჩაერთვება

მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” NCAA-ის ფინალურ ტურნირში 15 მარტს ჩაერთვება

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტური ლიგის სეზონი “ბიგ ისთის” კონფერენციის მეოთხედფინალში – “ბატლერთან” ერთქულიანი მარცხით დაასრულა, თუმცა ქართველი კალათბურთელის გუნდს სეზონის მანძილზე ნაჩვენები შედეგებისთვის NCAA-ის ფინალურ ტურნირში უბოძეს ადგილი. “სეტონ ჰოლმა” გასული სეზონის მანძილზე 21 მატჩი მოიგო და 11 დათმო, თუმცა რეიტინგები გაცილებით რთული მექანიზმებით ითვლება და ლიგის მესვეურებმა საუკეთესოთა 68-გუნდიან სიაში “სეტონ ჰოლიც” მოახვედრეს.

ამ 68 გუნდიდან 32 გარანტირებულად ეკუთვნით კონფერენციების ჩემპიონებს. მაგალითად, “სეტონ ჰოლის” კონფერენციაში ჩემპიონი გახდა “ვილანოვა”, რომელსაც ფინალური ტურნირის საგზური ავტომატურად ერგო, თუმცა რომც ვერ გამხდარიყო ჩემპიონი, განვლილი სეზონის შედეგებიდან გამომდინარე ამ გუნდს უთუოდ არგუნებდნენ ტურნირის საგზურს, ისევე როგორც “ბიგ ისტის” კონფეენციიდან ფინალურ ტურნირში ადგილები მიიღეს ფინალში წაგებულმა “პროვიდენსმა”, “ბატლერმა”, “ქსავიერმა” და მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა”. 

68 გუნდიდან ბოლო 8 საკვალიფიკაციო წრეს ითამაშებს 13 და 14 მარტს, რის შემდეგაც 1/64 ფინალში უკანასკნელ ადგილებს შეავსებენ. 64 გუნდი 4 რეგიონადაა გაყოფილი – დასავლეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთი და შუადასავლეთი. თითოეულ რეგიონში 16 გუნდია თავმოყრილი, რომლებიც პლეი ოფის პრინციპით, ერთრაუნდიან ბრძოლაში შეერკინებიან ერთმანეთს და გამოარკვევენ ამერიკის 4 მხარის გამარჯვებულებს. სწორედ ეს 4 გუნდი მოიყრის თავს აპრილის პირველ რიცხვებში სან ანტონიოში და გამოავლენს სტუდენტური ლიგის აბსოლუტურ ჩემპიონს. 

“სეტონ ჰოლი” შუადასავლეთის რეგიონშია მოხვედრილი, სადაც მე-8 ნომრადაა განთსეილი. მისი მეტოქეა მე-9 ნომერი “ჩრდილო კაროლაინა სტეიტი”. ამ გუნდსაც 21 მოგება და 11 წაგება დაუგროვებია განვლილ სეზონში, ისე კი მოქმედი ჩემპიონის – ცნობილი “ჩრდილო კაროლაინა ტარ ჰილსის” ჩრდილში იმყოფება და ტურნირში თუნდაც 2 ბარიერის გადალახვას საქმეში ჩახედულები არ უწინასწარმეტყველებენ. შუადასავლეთის ფავორიტები გახლავან “კანზასი”, “დიუკი” და “მიჩიგან სტეიტი”.

“სეტონ ჰოლი”, რომელიც ტურნირს 15 მარტს, თბილისის დროით დილის 4:30 საათზე ხსნის,  პირველი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში “კანზასისა” და “პენსილვანიას” შორის გამარჯვებულს ხვდება. პირველი წრის მატჩი კანზასის შტატში, ქალაქ ვიჩიტაში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, მამუკელაშვილის გუნდი ნევადის ქალაქ ომაჰაში გადაინაცვლებს 1/32 ფინალის სათამაშოდ.

მამუკელაშვილი მეორე ქართველია NCAA-ის ტურნირში რომელიც მონაწილეობს. 2008 წელს 1/32 ფინალში 2 წუთით შევიდა მოედანზე ლევან ფაცაცია, რომელიც “არკანზასის” ღირსებას იცავდა და მისი გუნდელები იყვნენ დღესდრეობით ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი პატრიკ ბევერლი და ევროლიგის ვარსკვავი სონი ვიმსი. მატჩი 2008 წლის 23 მარტს გაიმართა და არკანზასელთა მეტოქე გახლდათ ცნობილი “ჩრდილო კაროლაინას” უნივერსიტეტი, რომელშიც იმხანად თამაშობდნენ დღესდღეობით ნბა-ში აღიარებული კალათბურთელები – ტაი ლოუსონი, დენი გრინი, ტაილერ ჰენსბრო, უეინ უელინგტონი და ის მატჩი არკანზასელებმა 77:108 წააგეს. იმ 2-წუთიან მონაკვეთში, რაც მოედანზე გაატარა, ფაცაციამ მხოლოდ 1 ბურთი მოხსნა საკუთარ ფარზე. რაც შეეხება 1/64 ფინალურ მატჩს, რომელიც “არკანზასმა” 2008 წლის 21 მარტს “ინდიანას” 86:72 მოუგო, ლევან ფაცაციას არ უთამაშია. 

2007-2008 წლების სეზონის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ფაცაციამ მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამში 18 წუთი გაატარა, ქართველი ლეგიონერი გაცილებით მოკრძალებულ “სან ბელთის” კონფერენციის “ტროის” უნივერსიტეტში გადაბარგდა, სადაც  2009-10 და 2010-11 წლების სეზონში 61 მატჩში ითამაშა, მაგრამ მის გუნდს NCAA-ის ტურნირში ასპარეზობის მცირედი შანსიც არ ჰქონია.