მამუკელაშვილმა ჰიუსტონს ამჯერადაც 6 ქულა ჩაუგდო

მამუკელაშვილმა ჰიუსტონს ამჯერადაც 6 ქულა ჩაუგდო

სან ანტონიოში მეორე შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც თითქმის იმდენი ითამაშა და იგივე სტატისტიკა მოინაგრა, რაც სადებიუტო შეხვედრაში. სან ანტონიოს მეტოქე კვლავ ჰიუსტონ როკეტსი იყო, რომელსაც ამჯერად სანანტონიოელები შინ დაუპირისპირდნენ. მამუკელაშვილის გუნდმა ამჯერადაც მარცხი განიცადა – 110-142.

მამუკელაშვილი პარკეტზე პირველ მეოთხედში ჩაერთო და საერთო ჯამში, 17:17 წუთი ითამაშა. ამ დროში ახალგაზრდა მძიმე ფორვარდმა 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 3-დან 1 სამქულიანი, 5-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა. სანდროს 5 პერსონალური ფოლი ჰქონდა და ერთი დაკარგვაც. შეგასენებთ, რომ გუშინ სან ანტონიოში გამართულ სადებიუტო მატჩში მამუკელაშვილმა 16 წუთში 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი უპირატესობა „როკეტსმა“ პირველივე პერიოდში მოიპოვა, როცა მეტოქეს 14 ქულით გაექცა. ტეხასელებმა სხვაობის 10 ქულამდე დაყვანა მოახერხეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც 32 ქულით დამარცხდნენ. „ჰიუსტონს“ 31 ქულით ჯეილენ გრინმა ულიდერა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდი 16 მოგებითა და 49 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას „სპურსი“ 11 მარტს „დენვერ ნაგეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.