მამუკელაშვილმა მილუოკის სასტარტო ხუთეულში მაიამისთან ითამაშა

მამუკელაშვილმა მილუოკის სასტარტო ხუთეულში მაიამისთან ითამაშა

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს მოქმედი ჩემპიონის – მილუოკი ბაქსის მაისურით ნბა-ს მატჩის სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. მილუოკელები მაიამის ხვდებოდნენ და დამაჯერებელი სხვაობით – 124:102 იმარჯვეს. ქართველი ფორვარდი მოქმედი ჩემპიონის სასტარტოში ტრავმირებული სუპერვარსკვლავის, იანის ადეტოკუმბოს ნაცვლად იმყოფებოდა. 

საბოლოოდ, მამუკელაშვილმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და 5 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

თამაშის ბედი დასკვნითი მეოთხედის წინ გადაწყდა, როდესაც მილუოკელები უკვე 29 ქულით იგებდნენ. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ბობი პორტისი იყო ორმაგი დუბლით (19 ქულა, 16 მოხსნა), პატ კონაფტონმა 23 ქულა ჩააგდო, კრის მიდლტონმა კი – 22.

ბაქსმა 15 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 დეკემბერს კლივლენდ კავალიერსთან ჩაატარებს.