მარკოიშვილის 21–მა ქულამ კიეველებს ვერ უშველა

 მანუჩარ მარკოიშვილის ჩინებული თამაშის მიუხედავად, “ბკ კიევმა” უკრაინის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებისთვის სერიაში “ხიმიკთან” მატჩი 55:63 წააგო და მოედნის უპირატესობა დაკარგა.
კივეურ გუნდს ზუსტ სროლათა უჩვეულოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა, დასკვნით მეოთხედში კი მხოლოდ 11 ქულის მოგროვება მოახერხა და ასევე არცთუ კარგად მოთამაშე იუჟნელებთან 8 ქულით დამარცხდა.
მარკოიშვილმა 26 წუთს ითამაშა და ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. მანუჩარმა 14-დან 7 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 21 ქულას 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი წაამატა.
ქართველმა კალათბურთელმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მოედანი კი 5 პერსონალური ფოლის მიღების გამო დატოვა.
მე-3 ადგილისთვის სერიის მომდევნო მატჩი 24 მაისს “ხიმიკის” მოედანზე შედგება.