მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის მეორე საშინაო მატჩიც მოუგო „ვარეზეს“ და საერთო ანგარიშით – 2:0 დაწინაურდა. კანტუელებს ახლა ერთი გამარჯვებაღა აკლიათ ნახევარფინალში გასასვლელად.
წინა მატჩში მარკოიშილის გუნდმა „ვარეზე“ 78:53 გაანადგურა, წუხანდელ შეხვედრაში გამარჯვება კი ერთობ გაუძნელდა – 67:64. ის კი არა, „კანტუს“ ბოლო მეოთხედში (18:11) რომ არ ეყოჩაღა, წააგებდა და მოედნის უპირატესობას დაკარგავდა.
ქართველი უკანახაზელი მოედანზე მხოლოდ 15 წუთით გამოჩნდა და 3 ქულას, 3 მოხსნას და 1 ჩაჭრას დასჯერდა. მანუჩარს აშკარად არ გაუმართლა, რადგან მან ბურთი ექვსჯერ დაკარგა.
მომდევნო მატჩი „ვარეზეს“ მოედანზე 22 მაისს გაიმართება.
სერია B–ს პლეი ოფში მებრძოლმა ნიკა მეტრეველის „რიმინიმ“ მეოთხედფინალური სერიის მეოთხე მატჩი სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 83:85 წააგო „ვეროლისთან“ და ანგარიში გაყაიმდა – 2:2. ქართველმა მეფარემ 8 წუთს ითამაშა და 5 ქულასთან ერთად 2 მოხსნაც მიითვალა. მეტრეველმა 2–დან 1 ორქულიანი ჩააგდო, რასაც ზუსტი სამიანიც მოაყოლა.
მომდევნო, სერიის გადამწყვეტი მატჩი რიმინიში 22 მაისს გაიმართება. მეტრეველის გუნდმა სერია A-ს საგზური რომ მოიპოვოს, ფინალში უნდა გავიდეს. თუკი „ვეროლის“ დაამარცხებს, რიმინელებს ნახევარფინალში „სიგმა ბარსელონას“ შეხვდებიან.