მატჩისწინა გენერალური რეპეტიცია: შენგელიას პირველი ვარჯიში, ბურჯანაძის დაბრუნება და დიდი ტესტი ლატვიასთან

მატჩისწინა გენერალური რეპეტიცია: შენგელიას პირველი ვარჯიში, ბურჯანაძის დაბრუნება და დიდი ტესტი ლატვიასთან

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა იურმალაში მზადების პირველი ეტაპი დაასრულა. დღეს დილით ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა მატჩისწინა, გენერალური რეპეტიცია გაიარა. ეს იყო ერთგვარი შემაჯამებელი ვარჯიში, სადაც მთავარმა მწვრთნელმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები შეაფასა და ის ტაქტიკური სქემები კიდევ ერთხელ გადაამოწმა, რომლებზეც ნაკრები მთელი ამ დღეების მანძილზე ინტენსიურად მუშაობდა.

დღევანდელ ვარჯიშზე გულშემატკივრისთვის ყველაზე სასიხარულო ფაქტი მოედანზე თორნიკე შენგელიას გამოჩენა იყო. გუნდის კაპიტანმა, რომელიც ნაკრებს გუშინ, ხანგრძლივი და მომქანცველი საკლუბო სეზონის დასრულებისთანავე შეუერთდა, პირველი ვარჯიში ჩაატარა. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, თოკო ამ ეტაპზე მხოლოდ მსუბუქი, მოთელვითი დატვირთვით შემოიფარგლა. სამწვრთნელო შტაბი მის ფორსირებას არ აპირებს და დიდი ალბათობით, კაპიტანი ლატვიასთან დღევანდელ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.

სამაგიეროდ, საბრძოლო მზადყოფნაშია ნაკრების კიდევ ერთი გამოცდილი წევრი — ბექა ბურჯანაძე. შეგახსენებთ, რომ ბექას თებერვლის სანაკრებო ფანჯრის დროს მიღებული ტრავმის გამო საკმაოდ დიდხანს არ უთამაშია. მან დაზიანება რამდენიმე კვირის წინ სრულად მოიშუშა, იურმალას შეკრებაზე კი ოპტიმალური ფორმის აღდგენაც მოასწრო. მართალია, ბურჯანაძემ ანგოლასთან პირველი სპარინგი გამოტოვა, მაგრამ დღეს ის უკვე პარკეტზე იქნება და გუნდს ლატვიის წინააღმდეგ დაეხმარება, რაც ნაკრების წინა ხაზისთვის უდიდესი ძალაა.

დღევანდელი მატჩის შემდეგ იურმალაში შეკრების სათამაშო ციკლი ოფიციალურად დაიხურება. გუნდი თამაშის შემდეგ ბაზაზე დაბრუნდება, ხვალიდან, 29 ივნისიდან კი ნაკრები უკვე ლატვიის დედაქალაქ რიგაში გადაბარგდება. სწორედ რიგა უმასპინძლებს 2 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას უკრაინის ნაკრებთან, რომლისთვისაც ჯიკიჩის გუნდი მზადების დასკვნით ეტაპს უკვე უშუალოდ მატჩის მასპინძელ ქალაქში გაივლის.

დღვანდელი მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზ ედაიწყება და მის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.