მოულოდნელობა ვიტორიაში: შენგელიას ბასკონიამ შინ უნიკახასთან წააგო

მოულოდნელობა ვიტორიაში: შენგელიას ბასკონიამ შინ უნიკახასთან წააგო

ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში ბევრისთვის მოულოდნელად შინ დამარცხდა თორნიკე შენგელიას “ბასკონია”. წინა ტურში “უნიკახამ” შინ “ტენერიფესთან” წააგო და თითქმის წარმოუდგნელი იყო, რომ ამჯერად ევროლიგის წარმომადგენელ ამბიციურ “ბასკონიას” დაამარცხებდა. თუმცა ბასკებმა გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბ “უნიკახასთან” ბოლო წამებზე 77:78 დათმეს.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთიც ითამაშა. ამ დროში მან 11 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მატჩის გმირი კი მალაგელი ჯოშ ადამსი გახდა, რომელმაც 23 ქულას მოუყარა თავი და “უნიკახას” გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო.

“ბასკონიას”, ისევე როგორც შერმადინის “ტენერიფესა” და ბურჯანაძის “გრან კანარიას” სამი ტურის შემდეგ ერთი მოგება აქვს. 13 ოქტომბერს ბასკურ დერბიში ბასკონია სტუმრად ბილბაოს შეხვდება.