მსაჯების მორიგი ონლაინ-კონფერენცია და ევროლიგის არბიტრთან დაგეგმილი სემინარი

მსაჯების მორიგი ონლაინ-კონფერენცია და ევროლიგის არბიტრთან დაგეგმილი სემინარი

საქართველოს მსაჯთა კორპუსის წარმომადგენლებმა მორიგი ონლაინ-კონფერენცია გამართეს, რომელსაც სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების არბიტრები დაესწრნენ და მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი განიხილეს. ონლაინ-კონფერენცია მსაჯთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა, რომლისთვისაც სავარჯიშო ვიდეო-მასალა ქართველი არბიტრების სერბმა ინსტრუქტორმა, დრაგან ნეშკოვიჩმა შეარჩია. მსაჯებმა განვლილი სეზონიდან არაერთი ეპიზოდი განიხილეს და სერბი ინსტრუქტორისგან მათთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხეს. 

თითქმის ორსაათიანი ონლაინ-კონფერენცია საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა, ხოლო შემდეგ ჯერზე ქართველ მსაჯებს ავტორიტეტული სტუმარი ეყოლებათ. მოგეხსენებათ, დრაგან ნეშკოვიჩი ყოფილი საერთაშორისო დონის არბიტრია და ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ევროპის მსაჯთა წრეებში, საიდანაც ქართველ არბიტრებთან შესახვედრად ნეშკოვიჩმა გამორჩეული ფიგურა – სერბი ილია ბელოშევიჩი შეარჩია. ბელოშევიჩი ევროლიგის მსაჯია, რომელიც პარასკევს დაგეგმილ ონლაინ-კონფერენციის მეშვეობით სამსაჯო სემინარს ჩაუტარებს ქართველ კოლეგებს. სემინარის შემდეგ კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავა და ნებისმიერ მონაწილეს ბელოშევიჩისგან მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხის მიღება შეეძლება.