თბილისი არენაზე დასრულდა კალათბურთის მწვრთნელთა C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდები, რომელშიც მონაწილეობა 50-ზე მეტმა მწვრთნელმა მიიღო. გამოცდა მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ორგანიზატორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მწვრთნელთა კავშირია.
C კატეგორიის ლიცენზია რანგით პირველია არსებულ ლიცენზიებს შორის და მისი მფლობელი 14 წლამდელთა გუნდებში მუშაობისა და სამწვრთნელო საქმიანობის ოფიციალურ დონეზე განხორციელების უფლებას იღებს. თუ აღნიშნულ ლიცენზიას არ ფლობს, მწვრთნელებს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდის გაძღოლის უფლება არ ექნებათ. მწვრთნელებმა C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდებში სამონაწილეოდ წინასწარი, ონლაინ-რეგისტრაცია გაიარეს, რომელიც კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა.
გამოცდა 2 დღეზე გადანაწილდა. მწვრთნელებმა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდები ჩააბარეს. მწვრთნელებმა ჯერ ტესტები შეავსეს, რომელიც სხვადასხვა საკალათბურთო დავალებებისა და თეორიული მასალისგან შედგებოდა, შემდეგ კი ოლიმპიური სასახლიდან თბილისი არენაზე გადაინაცვლეს, სადაც უკვე პრაქტიკული გამოცდები გაიმართა.
გამოცდებს დაესწრნენ მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ხელმძღვანელი ნოდარ ავალიშვილი, მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტი დავით უსტიაშვილი და დამსახურებული მწვრთნელები – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და გელა წულაძე. საგამოცდო ბილეთები მთლიანად შემდგარი იყო დიაგრამებისგან, რომლებშიც მაქსიმალურად იყო თავმოყრილი ის ტაქტიკური და სავარჯიშო კომპონენტები, რაც აღნიშნული ასაკის კალათბურთელების გასაწვრთნელად არის საჭირო.
გამოცდების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი და წარმატებულ მწვრთნელებს C კატეგორიის ლიცენზია მიენიჭებათ.