საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მწვრთნელთა კავშირმა B ლიცენზიის მორიგი გამოცდები ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარა

მწვრთნელთა კავშირმა B ლიცენზიის მორიგი გამოცდები ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარა

დღეს, 5 დეკემბერს,  თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამით გათვალისწინებული ტესტირება ჩატარდა. გამოცდაში მონაწილეობა 22 მწვრთნელმა მიიღო, რომელთა უმეტესობაც შიდა ქართლის რაიონის ქალაქებიდან – გორიდან, ხაშურიდან, კასპიდან, მცხეთიდან იყვნენ. 

შეგახსენებთ, რომ მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ და მწვრთნელთა კავშირმა 2015 წელს დაიწყეს და პირველი ეტაპის ფარგლებში 200-ზე მეტ მწვრთნელს მისცეს C კატეგორიის ლიცენზია, რომელიც 14 წლამდე ბავშვებთან მუშაობისთვისაა საჭირო. რაც შეეხება მეორე ეტაპს, მისი გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მწვრთნელებს B კატეგორიის ლიცენზია მიენიჭებათ და 14-18 წლის მოზარდებში მუშაობა და ამ ასაკებში საქართველოს ჩემპიონატებში გუნდების გამოყვანა შეეძლებათ.

დღევანდელ გამოცდაში მონაწილეებს დაურიგდათ 17 საკითხისგან შემდგარი დიაგრამები, რომლებიც იმ ძირითადი საკალათბურთო კომპონენტებისგან, კომბინაციებისგან და სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდებისგან შედგებოდა, რომლებიც 14-18 წლის მოზარდებში მუშაობისთვისაა აუცილებელი.

გამოცდების მონაწილეთა პასუხებს რამდენიმე სპეციალისტისგან შემდგარი კომპეტენტური კომისია განიხილავს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს. 17-დან 13 დადებითი პასუხი იქნება ის ბარიერი, რომლის დაძლევის შემთხვევაშიც მწვრთნელები მიიღბენ B კატეგორიის ლიცენზიას.