მწვრთნელთა სალიცენზიო ტესტირებას ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

მწვრთნელთა სალიცენზიო ტესტირებას ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა კალათბურთის მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ორდღიანი გამოცდები, რომელშიც 28-მა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელებმა გამოცდებში მონაწილეობის უფლება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შედეგად მიიღეს. C კატეგორიის ლიცენზია 14 წლამდე მოზარდებში სამუშაოდაა საჭირო და რაც მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა დაიწყო, აღნიშნული ლიცენზია მთლიანობაში 296-მა მწვრთნელმა მიიღო.

გასულ გამოცდებში მონაწილეებს დაურიგდათ 50 საკითხისგან შემდგარი ტესტები, რომლებიც ფუნდამენტური საკალათბურთო კომპონენტებისგან, კომბინაციებისგან და სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდებისგან შედგებოდა. ტესტირების შემდეგ ჩატარდა პრაქტიკული გამოცდები, რომლებიც ცნობილმა ქართველმა კალათბურთის სპეციალისტებმა – მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტმა, დავით უსტიაშვილმა და გამოცდილმა სპეციალისტმა გელა წულაძემ ჩაიბარეს. 

მომდევნო ეტაპზე ჩატარდება B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდები, რომელიც 14-18 წლის ასაკის მოზარდებთან სამუშაოდაა საჭირო. შეგახსენებთ, რომ მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის განხორციელება საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ და მწვრთნელთა კავშირმა 2015 წელს დაიწყეს და პირველი ეტაპის ფარგლებში 300-ამდე მწვრთნელს მისცეს C კატეგორიის ლიცენზია.

დავით უსტიაშვილი (მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტი): კალათბურთის მწვრთნელთა კავშირი ფედერაციასთან ერთად უკვე მე-5 წელია ატარებს მწვრთნელთა გადამზადების და ლიცენზირების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 14-წლამდე ბავშვებთან მომუშავე 300-მდე მწვრთნელმა მიიღო ლიცენზია. პანდემიიდან გამომდინარე, სემინარები წელს ონლაინ ჩავატარეთ და რეკომენდაციების დაცვით გავაგრძელეთ პროგრამა. ვფიქრობ, დამწყები მწვრთნელების გადამზადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად, ისინი ასწვალიან ბავშვებს კალათბურთის საფუძვლებს.  მომავალში, ამ მიმართულებით, კვლავ გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას.  

ივანე გისი (ქარელი): ძალიან კმაყოფილი ვარ ჩატარებული სემინარებით და გამოცდის პრაქტიკული ნაწილით. მსურს, მადლობა გადავუხადო მწვრთნელთა კავშირს და კალათბურთის ფედერაციას და ამ შესაძლებლობისთვის. რეგიონებში მყოფი მწვრთნელებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელთა გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა და შესაბამისი კვალიფიკაციის მიღება.  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვებთან გიწევს მუშაობა.