მურსიამ რატი ანდრონიკაშვილი საზოგადოებას წარუდგინა

მურსიამ რატი ანდრონიკაშვილი საზოგადოებას წარუდგინა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 უკანახაზელი, რატი ანდრონიკაშვილი ესპანურმა მურსიამ მედიას ოფიციალურად წარუდგინა. შეგახსენებთ, რომ ანდრონიკაშვილის ევროპული კარიერა ბასკონიის ასაკობრივი გუნდიდან დაიწყო, სადაც ის თბილისში ჩატარებული ამ კლუბის კემპიდან მოხვდა. რატის ესპანეთის პროფესიულ ლიგა ენდესაში არასდროს უთამაშია და მისი დებიუტი შესაძლოა, 4 დეკემბერს ვიხილოთ. მურსია გასვლით მატჩს ვიტორიაში, სწორედ ბასკონიასთან თამაშობს.

რატიმ ახალ კლუბში 35-ნომრიანი მაისური მიიღო და პრესკონფერენციზეც ესპანურ ენაზე ისაუბრა:

“შემიძლია გუნდს ენერგია შევმატო როგორც მოედანზე, ასევე – მის გარეთ. მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რასაც მწვრთნელი დამავალებს, ვითამაშო დაცვაში, წავიდე შეტევაში, დავკავდე პრესინგით. ძალიან მიხარია, რომ თად მაკფადენთან ერთად ვითამაშებ. ის ჩემი მეგობარია და შემთხვევითი არაა, რომ ნაკრებშიც ერთ ოთახში ვცხოვრობთ. ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, თუკი სადებიუტო მატჩს ვიტორიაში ჩავატარებ. მთელი კარიერა მინდოდა ლიგა ენდესაში თამაში და თუ ეს ბასკონიას ბუესა არენაზე მოხდება, ნამდვილად გამიხარდება”.

მურსიას 9 ტურში 4 მოგება აქვს და ლიგა ენდესაში მე-11 ადგილზეა. ბასკონიასთან მატჩი კი კვირას, 4 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.