მურსიასთან მოგებულ მატჩში შერმადინს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

მურსიასთან მოგებულ მატჩში შერმადინს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

“ლენოვო ტენერიფემ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. გუნდის ქართველი ლიდერი გიორგი შერმადინი ამჯერად MVP არ გამხდარა, თუმცა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. შეგახსენებთ, რომ შერმადინი ტენერიფელთა უმთავრესი ლიდერია და მიმდინარე წელს ჩატარებული თამაშების უმეტეს შემთხვევაში მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. 

ტენერიფელთა მეტოქე “მურსია” გახლდათ, რომელსაც შერმადინის გუნდმა შინაურ არენაზე დამაჯერებლად – 87:72 მოუგო. გიორგი ტრადიციულად სასტარტოში იყო და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 12 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ზუსტად ასეთი ციფრები ჰქონდა საჯარიმოების შესრულებისას. 

ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, ზუსტად იმდენი, რამდენიც კაილ ვილტიეს მონაგარმა, საუკეთესო კი მარსელიონიო უერტასი გახდა 24 ქულითა და 5 შედეგიანი გადაცემით. 

10 მოგებითა და 8 მარცხით ტენერიფე ესპანურ ლიგაში მე-6 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს, შინ “ფუენლაბრადასთან” გამართავს.