მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება

მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ხვალ, 28 აგვისტოს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი და პარალელურ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული მონტენეგროს ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ 2027 წელს კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ჯგუფური ეტაპი. ამ ჯგუფში თავმოყრილმა ექვსმა გუნდმა პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და მსოფლიოს პირველობაზე მოხვედრისთვის ბრძოლას აგრძელებს. საქართველომ თავისი ჯგუფიდან ესპანეთთან და უკრაინასთან ერთად მოიპოვა მეორე ეტაპის საგზური, ხოლო პარალელური ჯგუფიდან მონტენეგრო (პირველი ადგილი), პორტუგალია (მეორე ადგილი) და საბერძნეთი (მესამე ადგილი) გადმოვიდნენ. ეს ექვსი გუნდი ხვალ მეორე ეტაპს დაიწყებს, საიდანაც საუკეთესო სამეული ექვსი ტურის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს. გუნდმა საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება 13 აგვისტოს დაიწყო. ჩვენი ნაკრები თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ იყო დაბანაკებული და ყოველდღიურად თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ვარჯიშობდა. მოსამზადებელ ეტაპზე ეროვნულმა გუნდმა ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და დამაჯერებლად მოუგო როგორც ლიბანს (19 აგვისტოს), ისე ისრაელს (23 აგვისტოს).

წინა ფანჯრისგან განსხვავებით, ამჯერად ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილიც შემოუერთდა, რომელმაც უკრაინასა და ესპანეთთან ივლისის დასაწყისში გამართული მატჩები „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ საკონტრაქტო მოლაპარაკებების გამო გამოტოვა.

დღეს საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში გენერალური ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს კალათბურთელებთან შეხვედრისა და ინტერვიუების ჩაწერის საშუალება მიეცათ. მედიასთან კომენტარები გააკეთეს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა, დუდა სანაძემ, გიორგი ტურძილაძემ და გიორგი ოჩხიკიძემ.

უკვე ცნობილია ის 12 მოთამაშეც, რომლებიც მონტენეგროსთან მატჩის განაცხადში იქნებიან. შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.