ნახევარფინალი მარკოიშილის “კანტუმ” “არმანი ჯინსის” ძლევით გახსნა

ნახევარფინალი მარკოიშილის “კანტუმ” “არმანი ჯინსის” ძლევით გახსნა

მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ წარმატებით დაიწყო იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია. ქართველი უკანახაზელის გუნდმა პირველ მატჩში შინ დამაჯერებლად – 62:48 დაამარცხა მილანის „არმანი ჯინსი“ და საერთო ანგარიშში 1:0 დაწინაურდა.
 
კანტუელებმა თავიდანვე დაანახვეს მილანელებს, რომ წარმატების შანსი მინიმალური ჰქონდათ. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 22:11 მოიგეს და დაახლოებით ამ სხვაობას ბოლო ათწუთეულამდე ინარჩუნებდნენ. გადამწყვეტ მეოთხედშიც დამაჯერებლად ითამაშეს მასპინძლებმა და საბოლოოდ 14–ქულიანი გამარჯვებაც იზეიმეს.
 

მარკოიშვილს წინ მილანელთა ამერიკელი ლეგიონერი კობი კარლი აღუდგა
 
მარკოიშვილი ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 15 წუთით გამოჩნდა, თუმცა შედეგიანობით არაერთ ისეთ თანაგუნდელს აჯობა, რომლებიც მოედანზე გაცილებით მეტ ხანს იმყოფებოდნენ. მანუჩარმა 3–დან 2 ორქულიანი ჩააგდო, შორი დისტანციიდან კი ცოტა სამიზნე გაუმრუდდა: 6–დან 1. მარკოიშვილმა საბოლოოდ 7 ქულას მოუყარა თავი, რასაც 4 მოხსნა და 2 პასიც მოაყოლა. კანტუელთა ბომბარდირი კი ნიკოლას მაცარინო გახდა, რომელმაც 32 წუთში 16 ქულა მოაგროვა.
 
ნახევარფინალური სერიის მომდევნო მატჩიც კანტუში, 1 ივნისს გაიმართება.