ნაკრების წევრებმა ვარჯიშის შემდეგ იტალიასთან მატჩზე ისაუბრეს

ნაკრების წევრებმა ვარჯიშის შემდეგ იტალიასთან მატჩზე ისაუბრეს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ხელშესახებად რეალურია. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა რეიკიავიკში ისლანდიის დამარცხებით მუნდიალზე გასასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა, რომელიც უფრო რეალური გახდება, თუკი ორშაბათს, 14 ნოემბერს იტალიას დავამარცხებთ. აქვე დავაფიქსირებთ, რომ დამარცხების შემთხვევაში შანსები ახლანდელზე მეტად არ შეგვიმცირდება. საქართველოს ნაკრებს ისტორიულ მიღწევამდე გასასვლელად იტალიის შემდეგ დარჩენილი ორივე მატჩი ექნება მოსაგები – ჰოლანდიაში და თბილისში ისლანდიასთან. თუმცა, ისლანდიაში მოგებით დამუხტული ქართველები ისე არიან შემართულნი, რომ იტალიის დამარცხებით შანსების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ. 

საამისოდ ჩვენს ნაკრებს განწყობა აქვს და მონდომება არ აკლია. დღეს, თბილისი არენაზე გამართულ ვარჯიშზე ილიას ზუროსმა კალათბურთელები კონკრეტულ, იტალიელთა წინააღმდეგ შემუშავებულ სპეციალურ ტაქტიკურ მონახაზზე ამუშავა და შესაბამისი კომბინაციებიც დაამუშავებინა. ვარჯიშმა მეტად ნაყოფიერად ჩაიარა, რის ბოლოსაც დარბაზში ჟურნალისტები შემოვიდნენ და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების წევრებს კომენტარები ჩამოართვეს.

შემადგენლობა უცვლელია: საქართველოს ნაკრები იტალიას იმ 12 კალათბურთელით დაუპირისპირდება, რომლითაც 2 დღის წინ ისლანდიას მოუგო. მატჩი თბილისი არენაზე 19:00 საათზე დაიწყება.