ნაკრების ვეტერანი გიორგი ცინცაძე კარიერას აბუ დაბიში გააგრძელებს

ნაკრების ვეტერანი გიორგი ცინცაძე კარიერას აბუ დაბიში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი კალათბურთელი, გიორგი ცინცაძე კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. ევროპის საკალათბურთო პორტალის (eurobasket.com) ცნობით, 34 წლის მოთამაშემ კონტრაქტი აბუ დაბის კლუბ “ბანიჟასთან” გააფორმა. 

გასულ სეზონში ეს იყო საშუალო დონის გუნდი, რომელმაც რეგულარული ეტაპი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ახალი სეზონიდან კი კლუბის ხელმძღვანელობა მაღალ მიზნებს ისახავს და ამიტომაც დაიმატა 34 წლის გამოცდილი ქართველი გამთამაშებელი.

თავის მხრივ, ცინცაძეს აზიაში თამაშის პრაქტიკა აქვს. იგი ორი სეზონის განმავლობაში ყატარის “ალ შამალში” ასპარეზობდა. გუნდის ლიდერი იყო და ყატარის ჩემპიონიც გახდა. შარშან თებერვალში იგი აზიიდან საქართველოში დაბრუნდა, “დინამოში” ჩაირიცხა, თუმცა ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, შემდეგ კი კორონავირუსის პანდემია დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ცინცაძე მეორე ქართველი კალათბურთელი იქნება, ვინც საამიროებში ითამაშებს. რამდენიმე წლის წინ “შარჯაში” ნიკა ცქიტიშვილი გამოდიოდა.

ცინცაძე საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია – ყველაზე მეტი, 83 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული: 613 ქულა, 350 პასი და 105 ჩაჭრა.

კარიერა

2001-2002 – “აკადემია” (საქართველო)

2002-2003- “ბასკო” (საქართველო)

2003-04 – ცსკა (რუსეთი)

2004-05 – “სამარა” (რუსეთი)

2005 – “ურალ გრეიტი” (რუსეთი)

2005-06 – “დინამო” (რუსეთი)

2006-09 – “ტარტუ როკი” (ესტონეთი)

2009 – “ტრიკალა” (საბერძნეთი)

2009-10 – “დონეცკი” (უკრაინა)

2010 – “სოპოტი” (პოლონეთი)

2010-11 – “ტარტუ როკი” (ესტონეთი)

2011-12 – “ოლიმპი” (საქართველო)

2012-13 – “ბუდიველნიკი” (უკრაინა)

2013-14 – “დონეცკი” (უკრაინა)

2014 – “შამპვილი” (ლიბანი)

2014 – “სკოპიე” (ჩ. მაკედონია)

2015-16 – “შსს აკადემია” (საქართველო)

2015 – “გრაველინი” (საფრანგეთი)

2016 – “რუენი” (საფრანგეთი)

2016-17 – “ქუთაისი” (საქართველო)

2017-18 -“პოლიტექნიკა” (რუმინეთი)

2018-20 – “ალ შამალი” (ყატარი)

2020 – “ბანიჟას აბუ დაბი” (საამიროები)

 

მიღწევები: რუსეთის ჩემპიონი (2004), ულების თასის მფლობელი (2006), ესტონეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008), ევროჩელენჯის ოთხთა ფინალის მონაწილე (2008), ბალტიის ლიგის “ოლ სტარის” მონაწილე (2008), ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (2009), ესტონეთის თასის მფლობელი (2011), ბალტიის თასის გამარჯვებული (2011), უკრაინის ჩემპიონი (2013), საქართველოს თასის მფლობელი (2010, 2017), ლიბანის ჩემპიონი (2014), საქართველოს ჩემპიონი (2016), ყატარის ჩემპიონი (2019).