ნიკა მეტრეველის ორმაგი დუბლი და სერია A-ს შანსი

ნიკა მეტრეველის ორმაგი დუბლი და სერია A-ს შანსი

ესპანეთის პრიმერადივიზიონი

ესპანეთის ჩემპიონატში შაბათს გამართული სამი მატჩიდან ერთ–ერთში ჩვენი ნაკრების წევრმა მიიღო მონაწილეობა. ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა ტაირონ ელისმა საკმაოდ კარგად ითამაშა, თუმცა მისმა გუნდმა შინ „ვალენსიასთან“ მაინც წააგო – 74:87.
 
ტაირონ ელისი ხუთეულში არ ყოფილა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 27:30 წუთში 15 ქულა მოაგროვა. ელისს არც ორქულიანი უსვრია და არც საჯარიმო – მან 8 ცდიდან 5 სამქულიანი მიითვალა. ტაირონს 1 პასი და 1 ჩაჭრაც მოუგროვდა.
 
„ესტუდიანტესმა“ ამ მარცხით პლეი ოფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად შეიმცირა. ელისის გუნდს 16 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და სანამ ამ ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართებოდეს, ცხრილში მე–10 ადგილზეა. პლეი ოფში კი საუკეთესო 8 გუნდი გადის. რვაეულშია ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი ამერიკელის, ტრავმირებული ტორინ გრინის „გრან კანარია“, რომელიც დღეს უშუალო კონკურენტ „უნიკახას“ ხვდება და მოგებით მეოთხედფინალში თამაშზე სერიოზულ განაცხადს გააკეთებს.
 
განაცხადში ისევ არ ყოფილა 17 წლის ქართველი ბექა ბურჯანაძე, რომლის „კახასოლმაც“ შინ 78:83 წააგო „ბისკაიასთან“ და პლეი ოფში გასვლა მასაც სათუო გაუხდა.
 
 
იტალიის სერია A
სენსაციის მონაწილე გახდა 19 წლის ქართველი მერაბ ბოქოლიშვილი. მართალია, ის ისევ არ გამოჩენილა მოედანზე და მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, მაგრამ იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც იტალიის გრანდი „სიენა“ მისსავე მოედანზე დაამარცხა. „აველინომ“ სიენაში თავიდანვე კარგად დაიწყო, მთელი თამაში ლიდერობდა და საბოლოოდ მასპინძლები 82:78 დაამარცხა.
 
 
 იტალიის ლეგა დუე
ნიკა მეტრეველის „რიმინიმ“ „სან სევერო“ 64:34 გაანადგურა და ამაში ქართველმა ფორვარდ–ცენტრმაც დაიდო მნიშვნელოვანი წილი. მეტრეველმა წინა ტურში თავის გუნდს ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით გაამარჯვებინა და ეტყობა ამით მან მწვრთნელის სიმპათია დაიმსახურა: წუხანდელ მატჩში ქართველმა მოედანზე 32 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლიც შეასრულა – 10 ქულა, 10 მოხსნა.
 
მეტრეველმა 8–დან 5 ორქულიანი მიითვალა და მისი მონაგარიც ეს გახლდათ. 10 მოხსნასთან ერთად ნიკას 2 ჩაჭრაც ჰქონდა. „რიმინის“ 18 გამარჯვება და 11 მარცხი აქვს და ცხრილში მე–4 ადგილზე იმყოფება. დარჩენილ 1 ტურში გააჩნია, როგორი შედეგები დაფიქსირდება – ისე კი, მეტრეველის გუნდს სამეულში მოხვედრის და შესაბამისად, სერია A–ში ანაცვლების შანსი აქვს.
 
 
ბელგიის ჩემპიონატი
თორნიკე შენგელიას „პეპინსტერი“ ცდილობს, მაგრამ ცხრილში მაღლა ვერ იწევს. ვერვიერსელებმა წინა ტურში კი იმარჯვეს, თუმცა წუხელ სტუმრად „მონსთან“ 70:78 წააგეს და ცხრილში კვლავ დაქვეითდნენ. „პეპინსტერს“ 28 თამაშიდან 10 გამარჯვება აქვს და მე–7 ადგილზე იმყოფება.
 
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 9 წუთი გაატარა და 3 ქულა მოაგროვა. თორნიკემ 2 ორქულიანი ააცილა, ერთადერთი სამიანი კი წარმატებით სტყორცნა. შენგელიას თითო მოხსნა–ჩაჭრაც ჰქონდა.