ნოდარ ავალიშვილმა ოლიმპიური კომიტეტისგან სპორტის მენეჯერის დიპლომი მიიღო

ნოდარ ავალიშვილმა ოლიმპიური კომიტეტისგან სპორტის მენეჯერის დიპლომი მიიღო

კალათბურთის მწვრთნელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა და კალათბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განყოფილების ხელმძღვანელმა ნოდარ ავალიშვილმა სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების წარმატებით დასრულებისთვის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან  დიპლომი მიიღო. კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალი ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა.

სპორტის 6 სხვადასხვა სახეობისა და სპორტული ორგანიზაციის 16 წარმომადგენელს ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. 2019-2020 წლებში სპორტის მენეჯმენტის რიგით მე-6 კურსები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პროგრამული დაფინანსებით ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებული სპეციალისტების, მწვრთნელებისა და მოხალისეების კვალიფიკაციის ამაღლებას ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის ძირითად საკითხებზე.

პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, მენეჯმენტის კურსების მონაწილეებმა შეუფერხებლად შეძლეს ამომწურავი ინფორმაციის მიღება პროგრამით გათვალისწინებულ 6 თემაზე, კერძოდ, ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსებისა და ფინანსების მართვა, მარკეტინგი და მასშტაბური სპორტული ღონისძიების ორგანიზება. ნოდარ ავალიშვილმა დიპლომი მასშტაბური სპორტული ღონისძიების მართვაში დაიმსახურა.

პროექტი ითვალისწინებდა თეორიულ და დისტანციურ სწავლებას. სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს კურსებს უძღვებოდნენ სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, კურატორები და მოწვეული ექსპერტები.

სპორტის მენეჯმენტის კურსდამთავრებულებს დიპლომები ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა – ლერი ხაბელოვმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.